საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მივიდა, სადაც სტუდენტებისა და აქციების დროს დაკავებულთა მშობლების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.
ის აქციების პერიოდში დაკავებულების ოჯახის წევრებს შეხვდა.
„თქვენი შვილები, რომლებიც პატიმრები არიან, ჩვენზე უფრო თავისუფლები არიან და დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენთან ერთად იქნებიან. [აქციების დროს დაკავებულებს] პირველ რიგში ვეტყვი მადლობას მათი გამძლეობისთვის, ყოჩაღობისთვის და ქართველობისთვის. ვეტყვი იმასაც, რომ დღეს შეიძლება აქ არ იყოს იმდენი ადამიანი, მაგრამ დღეს ყველა საქართველოს ეკლესიაში მათზე ლოცულობს, რადგან ისინი არიან ღირსება, ჩვენი იმედი და ხვალინდელი თავისუფლება.
დღევანდელი საღამო არის აღდგომის. აღდგომის საღამო პირველ რიგში, ძალიან დიდი იმედისაა – ეს არის თავისუფალი ადამიანის ზეიმი. ადამიანები, რომლებიც აქ არიან, საღამოს აქ მოვლენ და ილოცებენ, რომლებიც საქართველოს ყველა ეკლესიაში ლოცულობენ, არიან თავისუფალი ადამიანები. თუ რამე გვესმის ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის – ეს არის მართლმადიდებლობის და თავისუფალი ადამიანების. ისინი, ვინც დღეს რუსული რეჟიმის გამო ციხეში არიან, ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები არიან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა აქციაზე შეკრებილებს მიმართოს, ზურაბიშვილმა თქვა, რომ არაფერი აქვს სათქმელი გარდა იმისა, რომ უნდა იდგეს მოქალაქეების გვერდით.
„არაფერი მაქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ ვდგავარ ამ ადამიანებთან, სადაც უნდა ვიდგეთ ყველა. ეს ადამიანები არიან ჩვენი წინა ფრონტი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ეს ადამიანები არიან ძლიერები და იქნებიან კიდევ უფრო ძლიერები, თუ ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით. ისინი [დაკავებულები] არიან ზე თავისუფლები“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“