იტალიაში ცხოველთა დაცვის რამდენიმე ორგანიზაციამ გააერთიანა ძალები და შექმნა კოალიცია, რომელიც ცოცხალი კიბორჩხალების, კიბოების და ლანგუსტების – გაყიდვისა და მოხარშვის აკრძალვას ითხოვს. აქტივისტები ამ ცხოველების სტატუსის ძუძუმწოვრებთან და ფრინველებთან გათანაბრებას ითხოვენ, წერს Reddit-ი.
მათი მოთხოვნა ეფუძნება სამეცნიერო მტკიცებულებებს, რომლის მიხედვითაც ე.წ. უხერხემლოებს ტკივილის შეგრძნება აქვთ. სწორედ ამიტომ, ისინი მოითხოვენ მკაცრად აიკრძალოს სასტიკი მეთოდები, როგორიცაა ცოცხლად მოხარშვა. აგრეთვე, გაერთიანება ითხოვს მაღაზიებში ცოცხალი კიბორჩხალების გაყიდვის აკრძალვასაც, რადგან შეუძლებელია მათი შენახვისა და მოკვლის პირობების კონტროლი.
ინიციატივა გაჩნდა იმ ფონზე, როცა იტალიის მთავრობა განიხილავს ახალი წესების შემუშავებას უხერხემლოებთან მოპყრობის შესახებ. შესაბამისი სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია. ცხოველთა დამცველები იმედოვნებენ, რომ იტალია შვეიცარიისა და ნორვეგიის მაგალითს გაიმეორებს – ამ ქვეყნებში ცოცხალი ცხოველების მოხარშვა უკვე აკრძალულია.
იტალიური ტრადიციული სამზარეულო ხშირად გულისხმობს ლანგუსტების მდუღარე წყალში მოხარშვას, თუმცა ამ მეთოდის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ იგი ცხოველებს ძლიერ ტანჯვას აყენებს. მეთოდის ჰუმანურობაზე და კერძის გემოზე მისი გავლენის შესახებ, დებატები კულინარებს შორის წლებია არ წყდება.