LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არ უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად გამოყენება, მაგრამ თუ ამას აკეთებენ, ამიერიდან უნდა იცხოვრონ შიშით, რომ ბრიტანეთი სანქციების ძალას გამოიყენებს“ – ჰადსონის ინსტიტუტის კლეპტოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორი

128
ნეით სიბლი, ბიძინა ივანიშვილი

„ბიძინა ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად გამოყენება, მაგრამ თუ ამას აკეთებენ, ამიერიდან უნდა იცხოვრონ შიშით, რომ გაერთიანებული სამეფო, მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, სანქციების ძალას გამოიყენებს“, – ამის შესახებ აღნიშნულია ჰადსონის ინსტიტუტის კლეპტოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორის, ნეით სიბლის სტატიაშია.

სიბლი წერს, რომ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები (BOT) დიდი ხანია განიხილება, როგორც საგადასახადო სამოთხე, მაგრამ ბოლო წლებში ყურადღების ცენტრში მოექცა მათი, როგორც ფულის გათეთრების გლობალური ცენტრების როლი.

„ამიტომ გაერთიანებული სამეფოს ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა ჩინეთის, რუსეთის, ირანის და სხვა კლეპტოკრატიული დიქტატურის აღზევების ხელშეწყობაზე, რომლებმაც გააძლიერეს თავიანთი მმართველობა შინ და ახლა მიზნად ისახავენ გლობალური წესრიგის დამხობას და დასავლეთის ჩანაცვლებას, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პოტენციური ბერკეტები ამ რეჟიმებზე – თუ მთავრობა საკმარისად გაბედული იქნება, რომ ის გამოიყენოს“, – აღნიშნულია სტატიაში.

ჰადსონის ინსტიტუტის კლეპტოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორი წერს, რომ ამის ერთ-ერთი მაგალითია ბიძინა ივანიშვილი. ნეით სიბლი ივანიშვილს „საქართველოს პოტენციურ დიქტატორად მოიხსენიებს“.

„ამის ერთ-ერთი მაგალითია ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პოტენციური დიქტატორი. მისი მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ არ მალავს თავის გეგმას, დაანგრიოს მოსახლეობის მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და სანაცვლოდ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ დააბრუნოს. ივანიშვილმა ასევე გახსნა თავისი ქვეყანა და ევროპა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დამღუპველი გავლენისთვის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად მოწვევით“, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც ჰადსონის ინსტიტუტის კლეპტოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორი წერს,„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოავლინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი 95 კომპანია, რომლებიც რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე.

„ამ კუნძულებს, როგორც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს, მოეთხოვებათ სანქციების აღსრულება კომპანიებთან ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვით და მათ საკუთრებაში არსებული აქტივების გაყინვით. ივანიშვილის მსგავსი კლეპტოკრატები იშვიათად არიან ისეთი სულელები, რომ თავიანთი კვერცხი ერთ კალათაში შეინახონ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი საზღვარგარეთული ფინანსური აქტივები BVI-ს ან კაიმანის საბანკო ანგარიშებზე იყოს. ის განთავსებულია სხვა იურისდიქციებში მსგავსი სუსტი ზედამხედველობით, მაგრამ უკეთესი ფინანსური სექტორებით“, – აღნიშნულია სტატიაში.

სიბლი წერს, რომ გაერთიანებული სამეფოს „ლიბერალ-დემოკრატმა“ პარლამენტის წევრმა, ჯეიმს მაკკლერიმ წარადგინა შუამდგომლობა, რომელიც ლეიბორისტულ მთავრობას ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს:

„მაკკლირი არ არის ერთადერთი პარლამენტარი, რომელმაც ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებაში გაერთიანებული სამეფოს უცნაური გაჭიანურება შეამჩნია. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა და ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ასევე მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოს, დაუყოვნებლივ დაუწესოს სანქციები ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეგობარს, ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებს და მაცოცხლებელთა (enablers) ქსელს. ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების გამოყენება მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად, მაგრამ თუ ამის გაკეთებას აგრძელებენ, ამიერიდან უნდა იცხოვრონ შიშით, რომ გაერთიანებული სამეფო გამოიყენებს სანქციების ძალას მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, – აღნიშნულია სტატიაში.

magti 5g