“ისტორიული წინსვლა” და “მიღწევა მეცნიერებისთვის” – ასე აფასებენ რეკომენდაციას, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოყენებაზე გასცა.
მეცნიერები ამბობენ, რომ RTS, S-ის გამოყენებაზე რეკომენდაცია მნიშვნელოვანი წინსვლაა აფრიკელი ბავშვების დასაცავად.
WHO-ში აცხადებენ, რომ ვაქცინა ფართოდ უნდა გამოიყენონ აფრიკაში მცხოვრებ ბავშვებზე, რაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
მეცნიერები თითქმის ერთი საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ, შეექმნათ მალარიასთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალება.
ვაქცინას უკვე ექვსი წელია აფრიკის სამ ქვეყანაში, განაში, მალავიასა და კენიასა საპილოტე პროგრამის ფარგლებში ცდიდნენ.
ცდებით დადასტურდა, რომ ვაქცინა ეფექტიანია და ახლა მისი გამოყენება უნდა გავრცელდეს სუბ-საჰარული აფრიკის სხვა რეგიონებშიც, სადაც საშუალო და მაღალია მალარიის გადაცემის რისკი.
“მალარიის ნანატრი ვაქცინა არის გარღვევა მეცნიერებისთვის, ბავშვთა ჯანმრთელობისთვის და მალარიის კონტროლისთვის. მას ყოველწლიურად შეუძლია გადაარჩინოს ათიათასობით ახალგაზრდა სიცოცხლე. ეს ისტორიული მომენტია.” – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.
მალარია მწვავე დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელების შეტევები, ანემია, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, დაავადება მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიში ინფექციების რიცხვს.
მალარია ათასწლეულების მანძილზე კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რომელიც მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენდა ძირითადად ახალშობილებისა და ჩვილებისთვის.
მედიკამენტი შემუშავებულია ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია “გლაქსოსმიტკლაინის” მიერ და მისი საბაზრო სახელწოდება “მოსქუირიქსია”.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, აფრიკაში მალარია კოვიდ-19-ზე ბევრად უფრო სასიკვდილოა.
ჯანმოს შეფასებით, 2019 წელს აფრიკის კონტინენტზე მალარიამ 386 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაშინ როდესაც ახალი კოვიდინფექციით გარდაცვალების 212 000 შემთხვევა აღირიცხა.