ჯენეტ ჯექსონი და მისი ელიოტი მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ, მტკიცე და გავლენიან მეგობრულსა და შემოქმედებით ტანდემს ქმნიან, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტს ითვლის.
მათ მეგობრობას საფუძველი ჯერ კიდევ 1990-იანი წლების მიწურულს ჩაეყარა და დღემდე ნამდვილი ,,სისთაჰუდის” მაგალითია.
არტისტები ერთმანეთს საჯაროდ ყოველთვის უდიდეს მხარდაჭერას უცხადებენ, ახლახან კი ბევერლი-ჰილზში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე – Gala of the Stars, ჯენეტ ჯექსონმა პირადად გადასცა მისი ელიოტს საპატიო პრემია – Icon Award.
Gala of the Stars არის ყოველწლიური საქველმოქმედო და ვარსკვლავური შოუ, რომელსაც ორგანიზებას უწევს არაკომერციული ორგანიზაცია – Dancers Against Cancer. ღონისძიება აგროვებს თანხებს იმ მოცეკვავეების, ქორეოგრაფებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებს ებრძვიან.
ჯილდოს გადაცემისას ჯენეტმა აღნიშნა, რომ მისიმ შეცვალა ცეკვისა და ქორეოგრაფიის აღქმა ინდუსტრიაში. საპასუხოდ, მისიმ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ყველაზე მეტად ჯენეტის, როგორც პიროვნების და მისი საოცარი თავმდაბლობის ფანია.