კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.
„ჯერჯერობით თბილი ტანისამოსის შენახვა – ისევ ნაადრევია…
საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლო დღეები საკმაოდ დატვირთული იქნება, რაც ატმოსფერული ფრონტების უწყვეტი ცვლილებით იქნება გამოწვეული.
არსებულ ანტიციკლონს, რომელიც ხვალაც მზიან ამინდს განაპირობებს 18 აპრილის დღის ბოლოდან – კვლავ ციკლონთან არსებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები შეცვლის, ამიტომაც 19-20 აპრილს საქართველოში ამინდი შეიცვლება, მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, რომელიც ზოგან შესაძლოა ლოკალურად ინტენსიური იყოს, სეტყვის რისკით.
ასე რომ გაითვალისწინეთ – ძლიერი ცვალებადობის კვირა გველოდება, რაც იდეალურად შეესაბამება აპრილის ტიპურ კაპრიზულ ამინდს. ციკლონსა და მაღალი წნევის ხანმოკლე მატებას შორის რყევა გვაიძულებს, ხელთ გვქონდეს როგორც ქოლგები, ასევე მზის სათვალე…“, – წერს კობა ფარტენაძე.
