ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს, რომელიც დრამატულად განსხვავდება 2012 წლის არჩევნებისგან“, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება. მისი განცხადებით, „როდესაც ადამიანი 2012 წლის და 2021 წლის არჩევნებს ერთმანეთს ადარებს, არ იცის, იმას რა უნდა მოჰკითხოს, რადგან ეს წარმოუდგენელი რამაა“.
კობახიძის განმარტებით, ჯიმ რიში „ქართველი არ არის და არ იცის, აქ რა ხდებოდა 2012 წელს“.
„იმ კაცმა არ იცის და თქვენ ხომ იცით რაც ხდებოდა 2012 წლამდე საქართველოში, თუ არ გახსოვთ, შეიძლება ბავშვი იყავით მაშინ. რა თქმა უნდა, ის ქართველი არ არის და არ იცის აქ რა ხდებოდა, მაგრამ თქვენ არ ვიცი, შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ 2012 წელს რაც ხდებოდა ის იყო წარმოუდგენელი რამ, და როცა ადარებ 2012 წელს 2021 წელს, ნიშნავს, რომ ან არ გახსოვთ რა ხდებოდა 2012 წელს, ან სხვა რამეშია საქმე”, – ამბობს კობახიძე.