LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოგური იმუნიტეტისთვის საქართველოში 2 მილიონი ადამიანი უნდა დაინფიცირდეს: ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

5024
page

საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის 1.8 მილიონიდან 2 მილიონამდე ადამიანმა უნდა „გადაიტანოს“ ინფექცია. ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი მამუკა მაჩაიძე წერს.

მაჩაიძე აცხადებს, რომ ქვეყნის „ჩაკეტვა“ ან ეკონიმიკის გაჩერება კორონავირუსთან ბრძოლაში გამოსავალი არ არის.

„საზოგადოებრივი იმუნიტეტის, ე.წ „შვედურ მოდელთან“ დაკავშირებით:

– ბევრი ტერმინებით რომ არ გადაგღალოთ, მხოლოდ ორს ვახსენებ.

– რამდენი ტესტია საკმარისი და რა შემთხვევაში შეიძლება ქვეყნის ჩვეულ რეჟიმში, სერიოზული შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირება? ამის მინიმუმ 3 მარკერი არსებობს, მაგრამ ყველაზე ადეკვატური არის დადებითი ტესტების პროცენტული მაჩვენებელი (ანუ ჩატარებული ტესტების რა პროცენტია დადებითი). სასურველი რიცხვი არის 5-10%.

– ჩვენთან თუ მსგავს პროპორციას დავაკვირდებით, ბოლო დღეებში ეს პროცენტი 13%-ს გადაცდა (1186 დადასტურებული/9000-მდე ჩატარებული ტესტი), რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი დიდი ალბათობით უფრო მეტია, ვიდრე ვიჭერთ.

– როდესაც „შვედურ მოდელზე“ ვსაუბრობთ, მთავარი კითხვაა, რა არის საზოგადოებრივი იმუნიტეტის ზღვარი – ანუ პოპულაციის რა პროცენტმა უნდა გადაიტანოს ინფექცია იმისათვის, რომ ვირუსის გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს – ეს ციფრი დამოკიდებულია გადაცემის ინდექსზე , რომელიც იცვლება ბევრი ფაქტორის გავლენით.  ეპიდემიის აქტიური გავრცელებისას საზოგადოებრივი იმუნიტეტის ზღვარი არის დაახლოებით 50-67% .

აბა, თუ მიხვდებით აპრილის ბოლოს სტოკჰოლმის რა პროცენტს ჰქონდა დადებითი ანტისხეული, ანუ გადატანილი ინფექცია? – 8%-ს!!!! ანუ ჩვენი ნანატრი შვედეთი რამდენად შორსაა ამ გზით იმუნიტეტის მიღწევისგან, მარტივი გამოსაანგარიშებელია. ამ დროს, სიკვდილობით 100 ათას მოსახლეზე მხოლოდ ბრიტანეთს, ესპანეთს, იტალიას და ამერიკას ჩამორჩება.

– მარტივად, საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის 1.8 მილიონიდან 2 მილიონამდე ადამიანმა უნდა „გადაიტანოს“ ინფექცია, რაც ნიშნავს 260 000 მძიმე შემთხვევას და 55 000 ლეტალურ გამოსავალს – ეს თეორიული ციფრებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ არც კი მივუახლოვდებით!

– ამასთანავე, იმუნიტეტის მახსოვრობა/ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივ იმუნიტეტთან, ანუ თუ ვირუსით რეინფიცირება ხდება, საზოგადოებრივი იმუნიტეტის შენარჩუნება კიდევ უფრო რთულდება; ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით 40 მილიონი შემთხვევა და მხოლოდ 5 რეინფიცირებაა გენეტიკური მეთოდით დადასტურებული ეს ჩემთვის თავისთავად წარმოადგენს გამონაკლისს და ამტკიცებს წესს, რომ მინიმუმ ერთ სეზონზე იმუნიტეტი დამცავი იქნება

– სწორედ აქ ხდება ვაქცინის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში და მთელს სურათს ცვლის – ვაქცინა ჩემი აზრით აუცილებლად იქნება, რაც ბუნებრივი ინფექციის გავრცელებასთან ერთად საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბების ერთადერთი რეალური საშუალებაა; რამდენად ეფექტიანი იქნება ვაქცინა და რამდენად ხანგრძლივ იმუნიტეტს დატოვებს მოსახლეობაზე, ამას ვნახავთ, თუმცა უფრო დიდი პრობლემა ვაქცინის ლოგისტიკა იქნება (ფასი, დისტრუბუცია).

– მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ქვეყნის „ჩაკეტვას“ ან ეკონიმიკის გაჩერებას არანაირად არ ვემხრობი – შეზღუდვა უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, მოქნილი და უნდა ეხებოდეს კონკრეტულ სფეროს (მაგალითად, თუ დადებითი ტესტების პროცენტული მაჩვენებელი რჩება 5%-ზე დაბალი 2 კვირის განმავლობაში, არადისტანციური სწავლა შესაძლოა განახლდეს, მაგრამ მასობრივი შეკრებები ისევ აკრძალული დარჩეს… ასევე მაგალითისთვის, სავალდებულო ნიღბის ტარების შემოღებამ არიზონაში კოვიდის შემთხვევები 75%-ით შეამცირა ზაფხულის განმავლობაში. ასე თავიდან ავიცილებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს და ნიჰილიზმს ისედაც ძალიან დაბნეულ მოსახლეობაში“, – წერს მამუკა მაჩაიძე.

დღეს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში  1 351 ადამიანი დაინფიცირდა.

https://www.facebook.com/mamuka.machaidze.1/posts/10158717090715833

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g