ბრიტანეთში მცხოვრები 61 წლის კიმ სტარქსი ციხეში მოხვდა იმის გამო, რომ სახლში 167 ცხოველი შეიფარა. ინფორმაციას ამის შესახებ The Mirror ავრცელებს.
თებერვლის თვეში კიმის წინააღმდეგ მეზობლებმა პოლიციაში არაერთი საჩივარი შეიტანეს. მათი თქმით, კაცის სახლთან უსიამოვნო სუნი იდგა და ბევრი ბუზიც გროვდებოდა. პოლიციას სხვა გზა აღარ დარჩა, შენობაში შევიდა და შიგნით აუარებელი გალია აღმოაჩინა, შიგნით ათობით ცხოველით. ბრიტანელს სახლში ბაჭიები, ზაზუნები, ზღვის გოჭები, თაგვები და ჩიტები ჰყავდა, თანაც არც თუ ისე კარგ პირობებში. ცხოველთა ნაწილს წყალიც კი არ ედგა და ოთახებში საშინელი ანტისანიტარია იყო.
სტარქსი დააპატიმრეს და ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის წაუყენეს ბრალი. კაცმა დანაშაული მაშინვე აღიარა.
აღსანიშნავია, რომ ცხოველები ჯერ სამედიცინო დაწესებულებაში, შემდეგ კი უსაფრთხო თავშესაფრებში გადაიყვანეს.