ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ევროკავშირის ელჩს გავაძევებდი, რადგან, პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი ასრულებს დავალებას და რასაც ეუბნებიან, იმას ამბობს.
„ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც, მაგალითად, ევროკავშირის ელჩისგან ვისმენთ, რასაც ვისმენდით არჩევნების პროცესში. არ ვიცი, როდის გააკეთა მსგავსი განცხადება, და მართლა თუ გააკეთა, ქვეყნიდან გასაგდებია. ესეც, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც საქართველოსთან მიმართებაში ვხედავთ. პიროვნულად მე მასთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ნორმალური ადამიანია, მაგრამ ევროკავშირის ელჩი თავის სტატუსს იყენებს და მავნებლობს. ცხადია, ის ასრულებს დავალებას – რასაც ეუბნებიან, იმას აჟღერებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კითხვაზე, ხომ არ დადგება საქართველოდან ევროკავშირის ელჩის გაწვევის საკითხი, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მისი შეხედულებაა.
„ეს ჩემი დამოკიდებულება და ხედვაა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი, რადგან, პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას. ევროკავშირის, ნებისმიერი ქვეყნის ელჩს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ხელი შეუწყოს საზოგადოების დაპირისპირებას, პოლარიზაციას.
მე ელჩთან, როგორც ადამიანთან რაიმე საპირისპირო კი არ მაქვს. მას აქვს სტატუსი, ის არის ევროკავშირის წარმომადგენელი და ოფიციალური პირი ქვეყანაში. კეთილი უნდა ინებოს და თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, ახალისებს ექსტრემიზმს, ბოროტებას და ყველაფერ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმება იმ შანტაჟის ნაწილია, რომელსაც ქართველი ხალხი ბოლო პერიოდის განმავლობაში ხედავს. მისივე თქმით, ის განცხადებები, რაც საქართველოსთან მიმართებით კეთდება, სიცრუითაა გაჯერებული.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა. მუქარები და შანტაჟი გრძელდება. განცხადებები, რასაც ვისმენთ დაფუძნებულია ცილისწამებაზე, სიცრუეზე. ზოგადად, იმ განცხადებებს, რომლებიც ორ კანონთან დაკავშირებით მოვისმინეთ, საერთოდ არ გააჩნიათ კავშირი ვიზალიბერალიზაციასთან. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს მისცეს და დღეს გამოდიან ინიციატივით, ქართველ ხალხს ის სიკეთე წაართვან, რაც ვიზალიბერალიზაციასთან არის დაკავშირებული. რეალურად, არც საქართველო აინტერესებთ, არც ქართველი ხალხი. მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ინტერესი – საქართველო და ქართველი ხალხი გამოიყენონ თავიანთი დიდი პოლიტიკური თამაშებისთვის და თავიანთი ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებით გააკეთეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ 18 ივლისს, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის.