„ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო – გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო შესაბამისი კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში შემოსული თანხების გამჭვირვალობა გაკონტროლდება.
„მიზანი ხომ ვიცით, თუ რისთვის გამოიყენებოდა ეს თანხები, რომ კონკრეტულ ქვეყნებში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალებები. მათ შორის, საქართველოში უამრავი თანხა შემოდიოდა, ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ და ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს.
გახსოვთ, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ვსაუბრობდით, როგორ გვაკრიტიკებდნენ – თურმე როგორ გავბედეთ და დავიწყეთ ამაზე საუბარი. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი, პირდაპირ ისაუბრა ამ ყველაფერზე, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც იყვნენ NED, USAID, უზარმაზარ თანხებს გამოყოფდნენ და აფინანსებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობას. ეს არის რეალობა. ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო – გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა. რა თქმა უნდა, იქნება კონტროლი, არსებობს კანონი, რომელიც მივიღეთ და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, რათა, პირველ რიგში, ქვეყანაში დავიცვათ მშვიდობა, სიმშვიდე და მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, – თქვა კახა კალაძემ.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც აშშ-ს მიერ, 66 ორგანიზაციასთან, მათ შორის, ვენეციის კომისიასთან შეწყვეტილ ურთიერთობას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციასთან ურთიერთობის გადახალისებაა საჭირო.
„ვფიქრობ, მთლიანად „რებრენდინგი“ არის გასაკეთებელი და გადახალისებაა საჭირო სხვადასხვა ორგანიზაციის. მაგალითად, ვენეციის კომისია, ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანიზაციად იყო ქცეული, მათი განცხადებები, ქმედებები თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში. ეს ძალიან მძიმე იყო. ამიტომ არ მიკვირს მათი ეს გადაწყვეტილება“, – თქვა კახა კალაძემ.
