პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურის წარდგენას თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება.
კახა კალაძის განცხადებით, „მამუკა მდინარაძე არის კარგი ქართველი კაცი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და ჰყავს ძალიან კარგი ოჯახი“. მისივე სიტყვებით, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სწორი და გამართული მუშაობა ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის მნიშვნელოვანია“.
„მამუკა [მდინარაძე] წარმატებული ადამიანია. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა საქართველოს პარლამენტში, გახლავთ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი. ის არის კარგი ქართველი კაცი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, ჰყავს ძალიან კარგი ოჯახი, არის ამ ქვეყნის პატრიოტი და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, რასაც უსაფრთხოების სამსახური ჰქვია მინდა გულწრფელად წარმატებები ვუსურვო მას.
ამ სამსახურის სწორი და გამართული მუშაობა ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა. ანრი ოხანაშვილი განცხადებაში, რომელიც სუს-მა გაავრცელა, აღნიშნავს, რომ ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა.