LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ თბილისელებს „თბილისობის“ დღესასწაული რიყედან მიულოცა

363

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისელებს „თბილისობის“ დღესასწაული რიყედან მიულოცა.

რიყის პარკში გამართულ ღონისძიებებს თბილისის მერი კახა კალაძესაქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძემ ქვეყნის მოსახლეობას „თბილისობის“ დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში, თბილისელებს საინტერესო ღონისძიებები ელოდებათ.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებები იმართება ამ ორი დღის განმავლობაში, სასიამოვნო განწყობაა. ამინდიც ხელს უწყობს, რომ ადამიანები ქუჩებში გამოვიდნენ. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალური ღონისძიებები, კონცერტები. დღეს საღამოს და ხვალაც დაგეგმილია დიდი კონცერტი. ასე რომ, ყველას, თბილისელებს და ჩამოსულ სტუმრებს ექნებათ საშუალება კარგი დრო გაატარონ ჩვენს დედაქალაქში, ეს მათთვის დასამახსოვრებელი იქნება. ვულოცავ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და თბილისელებს“, – განაცხადა კალაძემ.

 

„თბილისობა 2018“-ის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები, წარმოდგენები, გამოფენები და კონცერტები ერთდროულად დედაქალაქის რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს. კერძოდ, დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანზე, მეიდანსა და ლეღვთახევში.

 

რიყის პარკში გასტრონომიული ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი – „შემოდგომის დღესასწაული“ იმართება. ასევე, უკრავს ცოცხალი მუსიკა და სხვადასხვა საესტრადო შემსრულებლების კონცერტი იმართება. პატარებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა საბავშვო გასართობი პროგრამები, მიმდინარეობს რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 6–7 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება 10-ზე მეტი სპორტული სახეობა, მათ შორის, ჭიდაობის ტურნირი, რომლის გამარჯვებულსაც წელს პირველად გადაეცემა გარდამავალი თასი.

ლეღვთახევში გაიმართება მხატვრების, ფოტო ხელოვანებისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ – „ცოცხალი ქანდაკებები“, ცოცხალი მუსიკა – ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით – „მექი დანა და მისი მეგობრები“ და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა – „მეტრონომი“.

6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე, 20:00 საათზე შედგება მიუზიკლის – „თბილისური ვოდევილი“ პრემიერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული სცენის ვარსკვლავები და სცენაზე მულტიკულტურულ თბილისს წარმოადგენენ.

7 ოქტომბერს, აბანოთუბანში, „თბილისობის“ დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი „გვიდირიჟორე“ გაიმართება. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განთავსებული ორკესტრი მსმენელს პოპულარულ მელოდიებს სთავაზობს, ნებისმიერ მსურველს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ღონისძიებაში, სცენაზე ავიდეს და საკუთარი თავი დირიჟორის ამპლუაში გამოსცადოს.

7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება და ქართული ხმების კონცერტი გაიმართება. 19:30 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება.

კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ხოლო სცენაზე ყველა ის მომღერალი წარსდგება, რომელიც სიმღერებს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის რეპერტუარიდან ასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g