“ქართული ოცნების” წარმომადგენლისა და დეპუტატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მას დედაქალაქის მერზე, კახა კალაძეზე მხოლოდ დადებითი შეუძლია თქვას, ხოლო რაც შეეხება მის უალტერნატივო კანდიდატურას თვითმმართველობის არჩევნებში, სერგეენკოს თქმით, ასეთი ბუნებაში არ არსებობს.
დეპუტატის განცხადებით, თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერობის კანდიდატი, ამ საკითხზე მმართველ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.
“ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ასეთი გადაწყვეტილებები პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღება და ალბათ, ცოტა ხანში ცნობილი იქნება. კახა კალაძეზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა, რაც შეეხება უალტერნატივობას, ასეთი ბუნებაში არ არსებობს. ყველამ უნდა დაამტკიცოს მისი ძლიერი მხარეები და მიიღოს ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერა,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.