თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია პარლამენტს მიმართავს და ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას მოითხოვს.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბოლო 2 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ვანდალიზმის 5 ათასამდე ფაქტი.
„სამწუხაროდ, მაშინ, როცა ქალაქში კვლავ უამრავი პრობლემა არის მოსაგვარებელი, ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, როცა მოქალაქეთა ნაწილი მიზანმიმართულად, ვანდალურად აზიანებს შენობების ფასადებს. ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტები. ბოლო 2 წლის განმავლობაში 5 ათასამდე ფაქტი არის დაფიქსირებული, ეს არის შენობა-ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სახელმწიფო უწყებების შენობები, მეტროს ამოსასვლელები, გაჩერებები და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით უკვე მოქმედებს კანონი, თუმცა ჩვენ თხოვნით მივმართავთ პარლამენტს, რომ აღნიშნული მიმართულებით კანონი გამკაცრდეს.
გარდა ამისა, მე რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრს და უწყების სხვა წარმომადგენლებთან მქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც პრობლემის მოგვარების გზებზე ვიმსჯელეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, მუნიციპალიტეტთან ერთად პროცესშია აქტიურად ჩაერთვებიან შსს-ის წარმომადგენლები.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კანონი აღსრულდეს. ამ მიმართულებითაც იყო გარკვეული პრობლემები…
მინდა ვთხოვო „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს, გიორგი პაპავას, ხვალიდან დაიწყოს შესაბამისი გაწმენდითი სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, რომ 2 კვირის განმავლობაში შესაძლებლობის ფარგლებში მოწესრიგებული იყოს ფასადები, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს“, – თქვა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, მას არავის დაჯარიმება არ უხარია და ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონს ყველა დაემორჩილოს.
