თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
პროექტით გათვალისწინებული 7,3 კმ სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაცია ახალი ბორდიურის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელისა და გზის ორზოლიანი სავალი ნაწილის მოწყობას ითვალისწინებდა.
დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„მოწესრიგდა, როგორც წყლისა და წყალარინების ქსელი, ასევე, სადრენაჟო სისტემა. ფაქტობრივად, ყველაფრის რეაბილიტაცია განხორციელდა. ცენტრალური გზის მეორე მხარეს ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, იანვარში დასრულდება. უკვე მომავალი წლიდან შეგვეძლება, კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს მოიცავს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელიც დღეს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ორ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რომლის დროსაც, წყლისა და წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელები შეცვალა. პარალელურად, მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, მომავალ წელს კი, კახეთის გზატკეცილზე ცენტრალური გზის სავალი ნაწილის სრული განახლება იგეგმება.