LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია შშმ პირებისთვის ადაპტირდა – იგეგმება ავლაბრის მოედნის ტერიტორიის კეთილმოწყობა

237
კახა კალაძე

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ნაკაშიძე – ბოლქვაძის ქუჩებზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პროექტის ფარგლებში, მეტროს მიმდებარე ტერიტორია სრულად რეაბილიტირდა – მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა LED სანათებით, საჰაერო ქსელები მიწის ქვეშ განთავსდა და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, გაფართოვდა და მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სატრანსპორტო კუნძულები. სავალი ნაწილი დაიხაზა, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. ტერიტორია მთლიანად ადაპტირდა შშმ პირებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის, ლითონის მოაჯირები მოეწყო.

„პროექტის განხორციელების შედეგად, გადაადგილება, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, გახდა უსაფრთხო. გვახსოვს, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო იქ, ტროტუარებზე უბრალოდ ფეხით გავლაც კი შეუძლებელი იყო, ტერიტორია დაკავებული ჰქონდათ გარემოვაჭრეებს. მინდა, ამ ადამიანებსაც მადლობა გადავუხადო, რადგან გაგებით მოეკიდნენ არსებულ სიტუაციას, ბაზრობის შიდა სივრცეში გადაინაცვლეს და იქ განაგრძობენ საქმიანობას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, იგეგმება ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. მისი თქმით, პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ კედელს, ასევე, ავლაბრისა და ერევნის სკვერებს.

„ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად, ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება. მოეწყობა საფეხმავლო სივრცე და გზაგამყოფი კუნძულები, რაც ბუნებრივი ქვის მასალებით მოპირკეთდება. ასევე, მოედანზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები, განთავსდება სკამები, დაითესება ბალახი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. ტერიტორია მთლიანად ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული სამუშაოების შემდეგი ეტაპი მეტროსადგურ „ავლაბრის“ სრული რეაბილიტაცია იქნება.

„აღნიშნული პროექტის შემდეგი ეტაპი მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია იქნება. იგეგმება როგორც შიდა სადგურის, ასევე, გარე ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები.“– აღნიშნა კახა კალაძემ.

სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ ახალი წესი ამოქმედდება – რა იცვლება კანონდამრღვევებისთვის?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g