„არ ინერვიულოთ ჩემზე, მე არ ვნერვიულობ და თქვენ ნუ ინერვიულებთ. თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა? ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია. რეალობა სახეზეა, დე ფაქტო სანქცირებულია“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ ემუქრება საფრთხე ევროპულ ბანკებში განთავსებულ მის ქონებას.
კახა კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა:
„ადამიანმა [ბიძინა ივანიშვილმა] ყველანაირი სასამართლო მოიგო, უბრალოდ თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არის. ვიღაცას დაასანქცირებენ – არ დაასანქცირებენ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, დიდი თხოვნა მაქვს“, – თქვა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ მისთვის არავის უთქვამს, რომ სანქცირებულია:
„რა ვიცი, ხომ გვითხრეს, 60 ადამიანი სანქცირებული ხართო. პირადად არ უთქვამთ, არ ვიცი, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის“, – აღნიშნა კალაძემ.