LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძის განცხადებით, ვარკეთილის მეტროსთან გარემოვაჭრეებმა შესაბამის სივრცეში უნდა გადაინაცვლონ

181
1

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში უნდა გადაინაცვლონ – ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებელს დაავალა, გარემოვაჭრეებთან კომუნიკაცია დაიწყონ და მათ გონივრული ვადა მისცენ.

როგორც დედაქალაქის მერი ამბობს, ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება შეუძლებელია:

“ძალიან ბევრი ზარი შემოვიდა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელიც პრობლემას წარმოადგენს ფეხით მოსიარულეებისთვის.

თემა გარემოვაჭრეებს ეხებათ, რომლებსაც ტროტუარები აქვთ დაკავებული და ფეხით გადაადგილება დისკომფორტს წარმოადგენს. ბევრი ზარია შემოსული ამასთან დაკავშირებით.

მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები და მინდა, დავავალო სამგორის გამგებელს დაელაპარაკოს ამ სივრცეების დირექციას, რომ იმ ადამიანებმა, ვინც დღეს ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა და გარევაჭრობითაა დაკავებული, გადაინაცვლონ შესაბამისი მიზნით გამოყოფილ სივრცეში.

მინდა, ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, კერძოდ, ტროტუარების დამცავი ჯებირების, ზებრა-გადასასვლელების და სათანადო გამწვანების სამუშაოების განხორციელება დავავალო.

დღეიდან დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, მიეცით მათ გონივრული ვადა, დავეხმაროთ კომუნიკაციაში სავაჭრო სივრცეების დირექციასთან, რომ თავისი საქმიანობა ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეებში გააგრძელონ”, – აღნიშნა კალაძემ.

magti 5g