ტყვიის შემცველობის პრობლემასთან მიმართებით, სამწუხაროდ, ვერც ერთი ქვეყანა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის წინა სხდომაზე, სურსათის უვნებლობის სამსახურმა ახალი რეგულაცია შემოიღო, რომელიც ტყვიის გავრცელების წყაროს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. როგორც სერგეენკომ განაცხადა, ხანდახან საყოფაცხოვრებო საღებავს იყენებდნენ იმისათვის, რომ რაღაც პროდუქტი შეეღებათ და ამ საღებავში ტყვიის მაღალი შემცველობა იყო.
“ითვლებოდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ეთილირებული ბენზინი მოაცილეს და გარემოს დაცვის მხრივ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, ეს პრობლემა შესაბამისად მოაგვარეს. 2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იყო დიდი საერთაშორისო სემინარი. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოდ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გრძნობს თავს, რადგანაც ტყვიას ზოგადად აქვს თვისება, რომ ათწლეულების განმავლობაში იყოს აკუმულირებული ნიადაგში და შეინახოს მისი დამაზიანებელი თვისება. ამიტომ 2016 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტყვიასთან ბრძოლის საერთაშორისო სტრატეგიის გაწერა დაიწყო. თუკი ინტერაქტიულ რუკაზე შეხვალთ, ერთ-ერთი ეტალონურად სუფთა ქალაქში, როგორიც არის ვენა, დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ ორ წერტილს ნახავთ ქალაქის ცენტრში, როდესაც ტყვიის შემცველობა არის მაღალი. გავიგეთ რომ პრობლემაა ტყვიის შემცველობა, რა უნდა გავაკეთოთ? ორი წლის წინ ერთგვარი პილოტური კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგებზე გარკვეული კითხვები იყო. წელს ტარდება უფრო დიდი კვლევა გაერო-ს ბავშვთა დაცვის ფონდთან ერთად და სრული სურათი გვექნება. რაც შეეხება მკურნალობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ რაღაც დონემდე თუ არის ტყვიის შემცველობა, გადასადგმელი ნაბიჯები არის გარემოში წყაროს ნახვა, სამსახურთან შეხება, ხომ არ არის ბინაში… ანუ გარემო პოტენციური ფაქტორების მოცილება. მხოლოდ გარკვეული ზომის მერე არის მედიკამენტოზური მკურნალობა. რამდენადაც მე ვიცი, მსოფლიოში ძალიან ცოტა რაოდენობით ჩატარებულა ის, რადგან ამის საჭიროება რეალურად იშვიათად დგება – უნდა იყოს ძალიან მაღალი კონცენტრაცია“, – განაცხადა სერგეენკომ.