LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების ჩარევა სასამართლო სისტემაში პრობლემად რჩება – Freedom House

76
freedomhouse

მიუხედავად მიმდინარე სასამართლო რეფორმისა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შესახებ ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში.

„ასევე, პრობლემად რჩება კორუფცია და გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა, რომელიც თან ახლავს სასამართლო პროცესებს. 2018 წლის აგვისტოში ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მიზეზების გამო, თუმცა ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ ეს გადადგომა ზეწოლის ქვეშ მოხდა. ახალი საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიშნებიან და არა პრეზიდენტის მიერ და შემდეგ მათ პარლამენტი ამტკიცებს. დეკემბერში საბჭომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების სია წარადგინა, მაგრამ არასამთავრობოების ჯგუფმა განაცხადა, რომ გამოყენებული იყო გაუმჭვირვალე პროცესი და შელახული რეპუტაციის მქონე მოსამართლეები იყვნენ შერჩეული. არასამთავრობოების ჯგუფმა პარლამენტს მოუწოდა, კვალიფიკაციის უფრო ძლიერი წესები და გამჭვირვალე პროცედურები მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისთვის, ვიდრე საბჭოს მიერ წარდგენილი რომელიმე კანდიდატის განხილვას შეუდგება,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, პრობლემებია საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებების სრულად აღსრულებასთან დაკავშირებით, ასევე ხდება ბრალდებულების უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების დარღვევა და დაკავებისთანავე ადვოკატთან წვდომაზე უარის თქმა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ დაკავების დროს დაკავებულებთან მიმართებაში ფიზიკური ძალის გამოყენებაზე და იმ ფაქტზე, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც პოლიციის ქცევას ზედამხედველობას გაუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები