რუმინეთი აპირებს, რომ განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტი დანერგოს. ვირტუალური დამხმარე მოსწავლეებს, სტუდენტებს და მასწავლებლებს ერთნაირად დაეხმარება, წერს Romania Insider.
ციფრული ასისტენტი თავის თავზე რამდენიმე დავალებას აიღებს. მოსწავლეებისთვის ის პირად ასისტენტად გადაიქცევა: დავალების ჩაბარების ვადებს გაუკონტროლებს, შეახსენებს მომავალ გამოცდებს და სასწავლო დროის სწორად გადანაწილებაში დაეხმარება.
მასწავლებლებისთვის სისტემა რუტინულ პროცესებს გაამარტივებს – თავის თავზე აიღებს ანგარიშებს, ბავშვების შედეგებს გააანალიზებს და იმასაც გაარკვევს თუ რომელ მოსწავლეებს სჭირდებათ დამატებით დახმარება.
თავიდან ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში იმუშავებს. საპილოტე პროექტში 1200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. თუკი ყველაფერი კარგად იქნება, სისტემას მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგავენ.
აღსანიშნავია, რომ წინასწარმა ცდებმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენა: ციფრულ დამხმარესთან ერთად მოსწავლეები დავალებას 28%-ით უფრო ხშირად ასრულებდნენ, ხოლო დამატებით გაკვეთილებზე დასწრება 2-ჯერ გაიზარდა.