საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საკუთარ არჩევანს აფიქსირებენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. თავდაცვის მინისტრმა ვაკის მეორე ოლქის, მეორე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. ლევან იზორიას განცხადებით, ხმა ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების პირობების გაუმჯობესებას და საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობას მისცა
„ქვეყნის მთავარსარდლის არჩევნებში ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელთან ერთადაც უფრო დავუახლოვდებით ნატო-ს, უფრო მეტი გაკეთდება სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახების პირობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
საბურთალოს რაიონის N79 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ხმა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას მისცა.
“დღეს ხმა მივეცი საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, საქართველოს გაერთიანებასა და გაძლიერებას, ხმა მივეცი იმას, რომ სიძულვილის ენა შეიცვალოს კონსტრუქციული ენით და ყველას ძალისხმევა მიმართული იყოს ქვეყნის გაძლიერებისკენ“, – განაცხადა მინისტრმა.
საქარველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ხმის მიცემის პროცედურამ კარგად ჩაიარა.
„დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ხმის მიცემის პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული. ხმა მივეცი მას, ვისაც ვთვლი, რომ იდეალური კანდიდატია, რათა ქვეყანა წარადგინოს მსოფლიო საზოგადოების წინაშე. ვთვლი, რომ ის ჩვენი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება, ასევე დაგვეხმარება ჩვენი სიღარიბის დაძლევაში,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საქარველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმაც.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ხმა მისცა სტაბილურ, ევროპულ განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას.
„ძნელი მისახვედრი არ არის, ვის და რას მივცემდი ხმას, მაგრამ გეტყვით, რომ ხმა მივეცი სტაბილურ, ევროპულ განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას. არჩევნები მშვიდად გარემოსა და კანონის სრულ ფარგლებში მიმდინარეობს,“ – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
საარჩევნო უბნები მთელი თბილისის მასშტაბით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 08:00 საათზე დაიხურება.
ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ. ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი. გარდა ამისა პროცესს მონიტორინგს უწევს 73-ი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58-ი საერთაშორისო ორგანიზაციის დაახლოებით 1 100-ი საერთაშორისო დამკვირვებელი.

