“მოგმართავთ პროპაგანდისტებო, თქვენც ისევე დაისჯებით, როგორც ისინი, ვინც ამ ბომბებს ისვრიან. ვიპოვით ყველას, ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პროპაგანდისტებს და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ მიმართვაში, მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვაზე საუბრის დროს განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსები აგრძელებენ სიცრუის ტირაჟირებას, ისევე, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდნენ.
ზელენსკი რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პროპაგანდისტებს მიმართავს და ამბობს, რომ მდიდრული ცხოვრება, რომელიც მათ ასე ძალიან უყვართ, მალე აღარ ექნებათ და საომარ მოქმედებებში თანამონაწილეობისათვის ყველას პასუხს აგებინებენ:
“გუშინ გავრცელდა ინფორმაცია მარიუპოლში საავადმყოფოსა და სამშობიაროს აფეთქების შედეგად დაღუპულების შესახებ – სამი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანია, პატარა გოგონა, 17 კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულებს შორის არიან ბავშვები, ქალები და ექიმები. ამ დაბომბვის შესახებ რუსულ ტელევიზიაშიც ისაუბრეს, თუმცა არც ერთი სიტყვა სიმართლე ქრ უთქვამთ მომხდარის შესახებ. რუსები მოატყუეს, რომ საავადმყოფოში პაციენტები არ იყვნენ, რომ იქ არც ქალები და არც ბავშვები იყვნენ. თავიანთი მოქალაქეები მოატყუეს, რომ თითქოს ამ შენობაში “ნაციონალისტები” იყვნენ გამაგრებული.
ისინი აგრძელებენ სიცრუის ტირაჟირებას, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდნენ. ამ დანაშაულების ჩადენა შეუძლებელია იმ პროპაგანდისტების გარეშე, ვინც მათ მხარს უჭერს.
მოგმართავთ პროპაგანდისტებო, თქვენც ისევე დაისჯებით, როგორც ისინი ვინც ამ ბომბებს ისვრის. ვიპოვით ყველას, ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პროპაგანდისტებს და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მათი ქონების კონფისკაცია მოხდეს, სადაც არ უნდა ფლობდნენ მას. თქვენ ხომ გიყვართ მდიდრული ცხოვრება და მდიდარი ქვეყნები?! – დაემშვიდობეთ, აღარ გექნებათ. და ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვენ აუცილებლად გაგებინებენ პასუხს საომარ მოქმედებებში თანამონაწილეობისათვის. ეს აუცილებლად მოხდება, შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებიც შეგიძულებენ.
ყველა, ვისაც გუშინ, დღეს და წლების განმავლობაში ატყუებდით, როდესაც ისინი იგრძნობენ თქვენი ტყუილების შედეგებს თავიანთ ცხოვრებაზე, როდესაც იგრძნობენ, რომ მათ შვილებს მომავალი მოპარეთ, არ გაპატიებენ, რადგან დანაშაული დამალული არ დარჩება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსული მხარე აცხადებს, რომ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვა “ფეიკ ნიუსია”.
“ასე იქმნება ყალბი ამბები. ჯერ კიდევ 7 მარტს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს ჰოსპიტალი რადიკალებმა სამხედრო ობიექტად აქციეს. შემაშფოთებელია, რომ გაერო ამ ინფორმაციას გადამოწმების გარეშე ავრცელებს”, – წერს სოციალურ ქსელში გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი.
ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ შენობა, რომელიც ყოფილი სამშობიარო საავადმყოფო იყო, უკვე დიდი ხანია უკრაინელ ჯარისკაცებს აქვთ დაკავებული.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: