„იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა რომ ასეთი ქსელი არსებობდა, ეს ქსელი შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლების ჩარევის გარეშე არსებულიყო“, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია პლენარულ სხდომაზე BBC საგამოძიებო რეპორტაჟს და თაღლითურ სქემას, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.
იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ „შესაძლოა, საქმე გვქონდეს შეთანხმებულ ქმედებასთან ქართულ ხელისუფლებას და ბატონ კეზერაშვილს შორის“.
„იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ სანქცირებული მოსამართლეების ძმაკაცია და თქვა, რომ ეს მოსამართლეები ჩვენთვის საამაყოა, რაღაცნაირად არის შანსი, რომ ოპოზიცია უკეთესად გამოიყურებოდეს, ვიდრე ის ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ „მურუსიძე-ჩინჩლაძის სასამართლო მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვედი შემიყვარდა“.
ერთგვარი განწმენდა, ცოდვების მონანიებაა საჭირო იმისთვის, რომ ეს უპირატესობა, რომელიც ფაქტობრივად, ნაჩუქარია, გამოვიყენოთ.
მთავარი პრობლემა, რაც გვაქვს, არის ის, რომ ოპოზიციის მთავარი დონორი ასევე სკანდალშია გარეული, ოღონდ არა საქართველოში და პოლიტიკურ სკანდალში, არამედ ევროპაში და კრიმინალურ სკანდალში.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთი მხრივ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც დასანქცირებული მოსამართლეებით ამაყობს და მეორე მხრივ, გვყავს ოპოზიცია, რომლის მთავარი დონორი ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ეჭვმიტანილია.
ჯერ არ ვიცით, როგორ მორჩება ეს ამბავი, მაგრამ როგორც უნდა მორჩეს, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა რომ ასეთი ქსელი არსებობდა, ეს ქსელი შეუძლებელია არსებულიყო საქართველოს ხელისუფლების ჩარევის გარეშე.
ზოგადად, არ მჯერა, რომ საქართველოში სუსისთვის უცნობია, 12 ათასი კაცი სადღაც რომ მუშაობს და რაღაც სქემა რომ არის და ეს ამბავი ამდენი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.
თუ ამის არ გჯერა და ფიქრობ, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს იმის კვალიფიკაცია ნამდვილად ეყოფათ, რომ ასეთი სქემა დაედგინათ, მაშინ გამოდის, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს შეთანხმებულ ქმედებასთან ქართულ ხელისუფლებას და ბატონ კეზერაშვილს შორის“, – განაცხადა ხვიჩიამ.
პრემიერი: სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ კეზერაშვილი, უკვე საერთაშორისო დონის თაღლითია
