“ქართული ოცნების”თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების დროს ნათქვამი ფრაზებისთვის ბოდიშს იხდის.
ამის შესახებ კობახიძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ რთულია პროვოკაციებს პასუხი არ გასცე.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მისთვის რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა.
“სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და სრულიად შეგნებულად პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს.
დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს, კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა”, – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა. ნიკა მელია ევროკავშირის ოფისთან მაშინ მივიდა, როდესაც შეხვედრიდან გამოსული კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ისევე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.
ვრცლად ამ თემის შესახებ:
შენ ხარ უსინდისო! გჯერა, რომ დმანისში საკუთარი აქტივისტები ჩვენ დავჭერით? – მელია კობახიძეს
ვოლსკი მელიაზე: ეს ხეპრე ადამიანი საუბრობს ძალადობაზე. თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან