LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება? ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს

67
ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი

„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება?“ – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი „მოსმენა უფრო საინტერესოა, რადგან ის ბევრი ინფორმაციის მატარებელია.“

როგორც კობახიძემ აღნიშნა, განცხადებები აბსურდულია და მმართველ გუნდს ამაზე კომენტარების კეთება უწევს.

„ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ, ბევრ გადაწყვეტილებასაც ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო გარკვეული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს.

მე შეგახსენებთ, 2012 წლამდე, როცა ეს სისტემური უმძიმესი პრაქტიკა იყო დანერგილი, მაშინ, ერთი, რომ უსმენდნენ და მერე ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ. სწორედ, ასეთი ფორმით მოქმედებდა მაშინ რეპრესიული რეჟიმი. სწორედ ეს რეპრესიული რეჟიმი დამთავრდა და ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში გვჭირდება, რადგან რეპრესიული რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არ გვაქვს.

როცა ვიღაცები პარალელს ავლებენ, ეს ცარიელი სპეკულაციაა. როცა ამას რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, გასაგებია, როცა პრეზიდენტი ამას უერთდება, გასაგებია, რომ მას იგივე დღის წესრიგი ამოძრავებს, რაც რადიკალურ ოპოზიციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, სურს თუ არა, რომ მას შეხვედრაზე ან გადაწყვეტილების მიღებისას უსმენდნენ, კობახიძემ უპასუხა, რომ „უკანონო მოსმენები არ მოსწონს“.

„თქვენ გაინტერესებთ უკანონო მოსმენას ვემხრობი თუ არა? რა თქმა უნდა, არა. რა კითხვას სვამთ, თქვენ მეკითხებით მომწონს თუ არა, უკანონო მოსმენა, რა თქმა უნდა, არ მომწონს, დამთავრდა, წერტილი, მორჩა.“– განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და დასმულ კითხვაზე დარწმუნებულია თუ არა, რომ მას არ უსმენენ, მან უპასუხა: „მე ასე მგონია, როგორ შეიძლება რამეში იყო ამ სამყაროში დარწმუნებული“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g