„როდესაც ქალი დეპუტატი გამოდის და კაც დეპუტატებს პატარა კაცებს ეძახის, ეს არ არის გენდერულად მოტივირებული უზრდელობა?“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ბერაიას მხრიდან თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული განცხადების და გამოხმაურებების საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმითვე, „ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა საკუთარ ზრდილობას და ეთიკას უნდა მიხედონ“.
„თქვენ გახსოვთ თეონა აქუბარდიასგან ბოდიში რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ? სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა. ამიტომ, ორმაგი სტანდარტები არ ვარგა. ჩვენ გვაქვს ერთმაგი სტანდარტი. სადაც არის გადახვევა, არასწორი განცხადება არ გვიჭირს და არც ირაკლი ბერაიას გაუჭირდა საკუთარი სინანულის გამოხატვა. მაგრამ თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ ბოდიშს ოპოზიციონერი დეპუტატებისგან იმის გამო, რომ ისინი არღვევდნენ ზრდილობის ელემენტარულ ნორმებს.
ირაკლი ბერაიამ სინანული გამოხატა თავისი განცხადების გამო, შესაბამისად, მისი პოზიცია გამოხატულია. რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, ეს არასერიოზული მოთხოვნაა.
როდესაც ეს კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები საუბრობენ ზრდილობაზე, მაღალ მატერიებზე, მათ ამის არავითარი მორალური უფლება არ აქვთ. თუ ვინმეს ამ პარლამენტში ზრდილობა ეშლება, ესენი სწორედ ეს კონკრეტული ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები არიან. ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევით, არაეთიკური ქცევით.
თუკი ვინმე ცდილობს პოლარიზაციას პარლამენტის შიგნით, ესენი არიას სწორედ, პირველ რიგში, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. შესაბამისად, მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვიღაცის გადადგომაზე ისაუბრონ.
პირველ რიგში, საკუთარ ზრდილობას, ეთიკას მიხედონ… ამ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა მიხედონ საკუთარ ზრდილობას, საკუთარ ეთიკურ სტანდარტებს, სადაც სერიოზული ხარვეზები აქვთ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.