13 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ნუცა ბუზალაძე სტუმრობდა, რომელმაც პროექტზე American Idol-ზე ისაუბრა და ახალი სიმღერა Alive შესთავაზა მსმენელს.
– ნუცა, როგორც ყოველთვის უამრავი სიახლეა შენს ცხოვრებაში,
– პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ფორტუნას“ მსმენელს და ჩემს თაყვანისმცემელს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის.
– აგრძელებთ თუ არა ურთიერთობას American Idol-ის ჟიურისთან?
-American Idol – ის იშვიათი პროექტია, რომლის გამოცდილება მთელი ცხოვრება მიგყვება. მეტიც, პროექტს რადიკალურად შეუძლია ცხოვრების პოზიტიურად შეცვლა. მადლიერი ვარ, რომ არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი, იმედი მაქვს ჩვენი ურთიერთობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ბევრ საინტერესოს შევქმნით ერთად.
– შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ჟიურის წევრები შენ ყველაზე მეტად გგულშემატკივრობდნენ?
– მართლაც ასეა. საკუთარი შვილებივით გვექცეოდნენ კონკურსანტებს, განსაკუთრებით ლაიონელ რიჩი გვგულშემატკივრობდა და გულწრფელად გვისურვებდა წარმატებას, ამიტომ ყველაზე დიდ მხარდაჭერას სწორედ მისგან ვგრძნობდი, ქეითი პერიც არაჩვეულებრივი ადამიანია, თუმცა ბევრად მეტი თანადგომა ვიგრძენი რიჩისგან.
– რამდენადაც ვიცი, თვითონ აირჩიეთ მეწყვილეები, შენი აზრით, სწორად შეარჩიე პარტნიორი?
– მხოლოდ ერთ ტურში – Hollywood Week-ში, რომელსაც ხშირად „ყველაზე დიდი განსაცდელის კვირას“ ეძახიან შეიძლება მეწყვილეს საკუთარი სურვილით შერჩევა. სამწუხაროდ ძალიან არასწორი არჩევანი გავაკეთე. მეგონა კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ძალიან შევცდი.
– ვიცი, რომ კონტრაქტი გააფორმე ხმის ჩამწერ სტუდიასთან, უფრო მეტს ხომ ვერ მოგვიყვები ალბომზე, რომელშიც მხოლოდ შენი ავტორობით შექმნილი სიმღერები შევა,
– ძალიან კარგი პროდიუსერი მყავს, რომელმაც უზარმაზარი გამოცდილება შეიძინა ცნობილ მომღერლებთან მუშაობით. სწორედ მან გააკეთა ის სიმღერები, რომლებიც კონკურსზე შევასრულე. მიხარია, რომ ალბომზეც ერთად ვიმუშავებთ, მით უფრო, რომ სრული თავისუფლება, თუნდაც ყველაზე გიჟური იდეის განხორციელების უფლება მივიღე.
– როგორი ადამიანია კაილი მინოუგი, როგორც ვიცი, მისგან საჩუქარიც მიიღე,
– ძალიან კარგი და თავმდაბალი ადამიანია. ბევრი სასარგებლო რჩევა მივიღე მისგან. ერთ-ერთი „ლაივის“ დაწყებამდე კი, თავისივე სახელობის შამპანური გამომიგზავნა მინაწერით, წარმატება მისურვა და აღნიშნა, რომ კონკურსში მონაწილეობა უკვე დიდი მიღწევა იყო.
– ვისი შექმნილი სამოსი გამშვენებდა კონკურსზე?
– ძალიან მიყვარს და სრულად ვენდობი ქართველ დიზაინერებს, ძალიან კრეატიულები არიან და კარგი გემოვნება აქვთ, ამიტომ სწორედ მათ იმუშავეს ჩემს სასცენო კოსტიუმებზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თათა ქართველიშვილს, რომელსაც საკუთარი პიარ-სააგენტო აქვს ლოს-ანჯელესში და უამრავ ცნობილ ადამიანთან თანამშრომლობს. თათამ არა მხოლოდ ჩემს სასცენო გარდერობზე, არამედ სარეპეტიციო სამოსზეც იზრუნა და თვითონ შეარჩია ყველა კოსტიუმი.
– თათას გარდა, კიდევ ვინ იმუშავა შენს იმიჯზე?
– თაკო მექვაბიძეს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა. დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, სწორედ მისი შეკერილი კაბა მეცვა ვაშინგტონში, როცა კონგრესში საქართველოს და ამერიკის ჰიმნები ვიმღერე. მართლა საოცარი კაბა იყო, რომელმაც პოლიტიკოსებიც კი, გააოცა. არასდროს არ ვერევი დიზაინერების საქმეში, არ ვცდილობ საკუთარი აზრის თავს მოხვევას, უბრალოდ ვეუბნები რა ღონისძიებისთვის ვემზადები, დანარჩენს კი, თვითონ იგონებენ და უკვე გამზადებულ კაბას მიგზავნიან.
– ძალიან ბევრი ფანი გყავს, რომელთაც ძალიან უყვარხარ,
– მე ჩემს თაყვანისმცემლებს გულშემატკივრებს ვეძახი, რადგან ფანი და გულშემატკივარი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ფანი შორიდან ეტრფის თავის კერპს, გულშემატკივარი კი, ისე განიცდის მის გამარჯვებას და მარცხს, როგორც თავისას. ძალიან დასაფასებელია ასეთი დამოკიდებულება და ძალიან ვემადლიერები ჩემს გულშემატკივარს.
– რატომ გადაწყვიტე პირველი დიდი კონცერტის საქართველოში გამართვა?
– იმიტომ რომ ამ ქვეყანაში დავიბადე და გავიზარდე, აქ მივიღე ცოდნა და შევიძინე პირველი გამოცდილება. რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყანა იყო მთავარი მოტივაცია მიმეღწია იმისთვის, რასაც მივაღწიე. მნიშვნელობა არ აქვს სად იქნები, შენი ქვეყანა და ახლობლები არასდროს არ უნდა დაივიწყო. ძალიან პატრიოტი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ამიტომ მინდა, რომ მასშტაბური შოუ, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელის, სწორედ საქართველოში გავაკეთო.
– სად მოეწყობა კონცერტი?
– ყველამ კარგად იცის, როგორ ძალიან მიყვარს ბათუმი. ჩამოსვლისთანავე ბათუმში გავემგზავრე საზაფხულო სეზონის გასახსნელად. პირველ სოლო კონცერტიც ბათუმში მოეწყობა 30 ივნისს, ამასთანავე, სწორედ ამ დღეს შედგება იმ ახალი სივრცის „სფეროს“ ოფიციალური გახსნა, სადაც კონცერტს ვმართავ. ვფიქრობ, საინტერესო შოუ გამოვა, მით უფრო, რომ ბენდთან „ნიუტონთან“ ერთად შევასრულებ რამდენიმე ახალ სიმღერას. ფანტასტიკური მუსიკოსები არიან და ძალიან მსიამოვნებს მათთან მუშაობა. გარდა ამისა, შოუს მოწყობაში სუპერ-მოცეკვავეები დამეხმარებიან ქორეოგრაფ ელენე სურმანიძის ხელმძღვანელობით. კოსტიუმებზე ლაშა ჯოხაძემ და თაკო მექვაბიძემ იზრუნეს.
– უამრავი კომენტარი დაიწერა ამ პერიოდში, რომელმა კომენტარმა გამოიწვია შენში განსაკუთრებული ემოცია?
– კომენტარებით ნაკლებად ვინტერესდები. ადამიანებთან მირჩევნია ურთიერთობა, რადგან ყოველთვის ვგრძნობ მათ ენერგიას და სწორედ ესაა ჩემთვის განმსაზღვრელი. საბედნიეროდ, ინტუიცია არასდროს მატყუებს. პროექტის დასრულების შემდეგ ნიუ-იორკში გავფრინდი, ქართული დიასპორისთვის პატარა კონცერტის მოსაწყობად, სწორედ იქ ვიგრძენი საოცრად დადებითი ენერგია და ისეთი დიდი სიყვარული, რომ თვალებზე ცრემლი მომადგა. კონცერტის შემდეგ მოხუცი ქალი მოვიდა ყვავილების თაიგულით და მითხრა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ, უარი თქვა კონცერტებზე და მხოლოდ ჩემთან მოვიდა, რათა ეთქვა, რომ ძალიან ვუყვარვარ, ეჩუქებინა ყვავილები და უბრალოდ ჩამხუტებოდა. რა თქმა უნდა, გული ამიჩუყდა და ავტირდი. ყოველთვის ემოციურია, როცა ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ შენს მიმართ სიყვარულს.
– რამდენად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად იღბალი?
– იღბლით არავინ იბადება. იღბალი მხოლოდ მაშინ გწყალობს, როცა შურისგან, ბოღმისგან და ბოროტებისგან ხარ თავისუფალი, როცა არავისთვის ცუდი არ გინდა და შინაგანად ასხივებ პოზიტიურ ენერგიას, რადგან ყოველთვის ის გიბრუნდება, რასაც სხვას უსურვებ.
– ვისთვის და რისთვის შეიქმნა სიმღერა Alive?
– სიმღერა 19 წლის ასაკში დავწერე, თუმცა არავინ იცოდა, რადგან მერიდებოდა ვინმესთვის მისი მოსმენა მეთხოვა და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გავიხსენე. Alive, რომელიც გასულ ზაფხულს ჩავწერეთ დუბაიში, ერთგვარი სამოტივაციო სიმღერაა, რომელიც ყველა იმ ადამიანს ეძღვნება, ვინც დამოუკიდებლად მიაღწია წარმატებას.
– შეყვარებული ხომ არ ხარ?
– დიდი ხანია ეს კითხვა არ მომისმენია. შეყვარებული არ ვარ, ამ მხრივ ძალიან უინტერესო პერიოდი მაქვს. მთელი დრო მუსიკას მივუძღვენი და პირადი ცხოვრებისთვის ჯერ არ მცალია.