ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ინტერესების დამცველი ჯაბა კვარაცხელია აცხადებს, რომ ანა ჯაბაურსა და მანანა გამსახურდიას ამ ეტაპზე ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ და ისინი ცოტნე გამსახურდიას სხვადასხვა დროს ნახულობენ კლინიკაში. მისი განმარტებით, ცოტნე გამსახურდიას დედასა და მეუღლეს შორის არსებული კონფლიქტის მიზეზი უცნობია, თუმცა ადასტურებს, რომ ცოტნესა და დედამისს დავა ქონდათ ქონებრივ საკითხზე, რომელიც უკვე დასრულებულია.
„ჩვენ გავიარეთ ყველა კანონიერი გზა, კანონით დადგენილი წესები, რასაც მოითხოვს მხარდამჭერი ინსტიტუტების პროცედურები. დამოწმდა დოკუმენტი და ჰოსპიტალს წარედგინა. ჰოსპიტალს თავიდანვე დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა ქალბატონ ანასადმი, თუმცა კატეგორიული აკრძალვის შემდეგ უთხრეს, რომ ვერ დაუშვებდნენ. ბუნებრივია, ამით დავინტერესდით, რადგან კანონის ყველა მოთხოვნა შევასრულეთ. შესაბამისად, რის საფუძველზე ხდება კანონიერი მხარდაჭერის აკრძალვა? ჩვენ ყველა სამართლებრივი პროცედურები ამოვწურეთ”, – განმარტა ჯაბა კვარაცხელიამ.
ანა ჯაბაურმა ცოტნე გამსახურდია მოინახულა: “იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა”
ადვოკატი ასევე დასძენს, რომ მას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, რომლითაც ეკრძალებოდა ანა ჯაბაურს მეუღლის მონახულება, პირადად არ უნახავს და აღნიშნულ საკითხზე არც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჰქონდა კომუნიკაცია. მისი თქმით, ის ყველა მექანიზმის გამოყენებას გეგმავს, რათა ანა ჯაბაურს მეუღლის მონახულება არ შეეზღუდოს.
რაც შეეხება პირველი პრეზიდენტის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯაბა კვარაცხელიას განცხადებით, ამჟამად ცოტნე გამსახურდია კონტაქტურია.
ადვოკატმა დღეს “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უთანხმოების გამო, ანა ჯაბაურსა და მანანა გამსახურდიას ცოტნეს მოსანახულებლად სხვადასხვა დრო აქვთ გამოყოფილი და ისინი ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან.
“მანანა არჩვაძე-გამნსახურდიამ ხელი შეუშალა” – ანა ჯაბაურს არ ეძლევა საშუალება მეუღლე ინახულოს
“გუშინდელი ინფორმაცია, რაც ქალბატონი ანა ჯაბაურისგან მაქვს, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობაში მცირე დადებითი დინამიკა შეინიშნება. მან რამდენჯერმე გაუმეორა ცოტნეს ერთი და იგივე დავალების შესრულება, როგორიცაა ხელის მოჭერა. ანამ აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე ცოტნემ ეს თხოვნა შეასრულა, რაც მნიშვნელოვანი ელემენტია ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის განსასაზღვრავად. ის კონტაქტურია, ესმის, ინფორმაცია გადაამუშავა და შესრულების შესაძლებლობაც ჰქონდა. ამჟამად ვიმყოფებით ახალი ტომოგრაფიის მოლოდინში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ცოტნეს უახლესი მდგომარეობა დადგინდეს. ეს შედარების საშუალებასაც იძლევა და მკურნალობის სამომავლო მეთოდებსაც განსაზღვრავს“, – განაცხადა ჯაბა კვარაცხელიამ.