LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კორონავირუსზე რეაგირება ძალიან კარგად მიმდინარეობს” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი საქართველოს სტუმრობს

85
კლუგე 22

საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი, ჰანს კლუგე სტუმრობს. ოფიციალური ვიზიტის მასპინძელი ჯანდაცვის სამინისტროა.

ვიზიტის მიზანია საქართველოს ჯანდაცვის სექტორის პრიორიტეტული საკითხების მიმოხილვა საქართველოსა და WHO ევროპის ოფისს შორის შორის COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლასთან და 2020-2025 წლების ევროპულ სამოქმედო პროგრამასთან დაკავშირებით დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება.

ჰანს კლუგემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო მისთვის პრიორიტეტული ქვეყანაა და აღნიშნული ვიზიტი ორმხრივად მომგებიანია, რადგან მხარეები ერთმანეთს ცოდნას უზიარებენ.

“ჩემს ვიზიტს 3 მიზანი აქვს: პირველ რიგში, რომ ვიმუშაოთ ჯანდაცვის მუშაკებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად კორონავირუსის საკითხებზე. ჩემი მეორე მიზანია, შევთანხმდეთ იმაზე, თუ როგორ ვიმუშავებთ ზოგადად ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე. მე მინდა მივულოცო ეკატერინე ტიკარაძეს, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, საქართველოში მაინც გრძელდება უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით მუშაობა. მე-3 მიზანია ჯანმოს საქართველოს ოფისის მუშაობის გაძლიერება.

რასაც მე ვხედავ კორონავირუსზე რეაგირება საქართველოში ძალიან კარგად მიმდინარეობს და მას ეკატერინე ტიკარაძე და ჯანდაცვის სისტემა ერთად უძღვებიან, რადგან ყველა მხრიდან იყო ჩართულობა, როგორც მეცნიერების, ასევე საზოგადოების მონაწილეობა იყო ძლიერი და აქტიური”– განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა,  პანდემიამ აჩვენა, თუ რამდენად საჭიროა პროგრესის კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, რათა თითოეული ადამიანი იყოს დაცული.

“ძლიერი ჯანდაცვის სისტემები, პირველადი ჯანდაცვა სწორედ ის ფაქტორებია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების საშუალებას იძლევა. ეს სტრატეგიები უზრუნველყოფს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიტიკული სიტუაციების მიმართ მდგრადობას და ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისთვის აუცილებელი მომსახურების გაწეევას,“ – განაცხადა ჰანს კლუგემ.

თბილისში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო – როგორი მაჩვენებელია რეგიონებში?

იმ შეზღუდვებს, რომელსაც მთავრობა მოხსნის, ჩვენ ჩვენი თვითშეზღუდვებითა და ჩვენი ცენზურებით ვუპასუხოთ – თენგიზ ცერცვაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჰანს კლუგეს ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც კოვიდმართვის პროგრამების, მისი შეფასებისა და სტრატეგიული დაგეგმარების კუთხით, ასევე, იმ დაგეგმილი და განსახორციელებელი რეფორმების შეფასების კუთხითაც, რომელიც ქვეყანაში იგეგმება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორის ვიზიტი დღეს 18 დეკემბერ დაიწყო და 22 დეკემბერს დასრულდება.

ვიზიტის დროს ძირითადად შემდეგი თემები განიხილება:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის გაძლიერება საქართველოში და ქვეყნის მხარდაჭერა ევროკავშირთან და სხვა მსხვილ დონორებთან კონსოლიდირებული სტრატეგიული პარტნიორობის გზით.

კრონავირუსით გამოწვეულ რეალობასთან გამკლავება და მისი გავლენა ჯანდაცვის სისტემებზე, რაც კიდეევ უფრო მეტად აჩვენებს 2030 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად გადასადგმელი ნაბიჯების საჭიროეებას.

ვიზიტის განმავლობაში ჰანს კლუგე შეხვდება მთავრობის ოფიციალურ პირებს, ქვეყანაში პანდემიის მართვაზე პასუხისმგებელ ძირითად უწყებებს, ასევე ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

კლუგე COVID-19 სასტუმროსა და კლინიკასაც ეწვევა.

შეხვედრების დროს რეგიონული დირექტორი განიხილავს ცოტა ხნის წინ მიღებულ WHO ევროპის 2020-2025წწ. სამოქმედო პროგრამას „ერთიანი ქმედება უკეთესი ჯანმრთელობისთვის ევროპაში“ (EPW), სადაც გადმოცემულია ხედვა, თუ როგორ შეუძლია WHO ევროპის რეგიონულ ოფისს მხარი დაუჭიროს წევრი სახელმწიფოების ჯანდაცვის ორგანოებს, რათა გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. ხედვა ემყარება სამ ძირითად პრიორიტეტს: უნივერსალური ჯანდაცვის მიღწევა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციებისგან დაცვა და ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა. პროგრამა ოთხ მიმართულებას ეყრდნობა: ფსიქიკური ჯანმრთელობა, იმუნიზაცია, ციფრული ჯანმრთელობა და ქცევითი და კულტურული თავისებურებები. პროგრამაში გატარებულია WHO ევროპის ოფისის მიერ აღებული ვალდებულება, მოიცვას ყველა ადამიანი და გააძლიეროს რეგიონის ჯანდაცვის ორგანოების ლიდერობის შესაძლებლობები.

კლუგე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისევროპის რეგიონული ოფისის დირექტორია. მან ეს თანამდებობა 2020 წლის 1 თებერვლიდან ჩაიბარა, WHO ევროპის რეგიონალური კომიტეტის მიერ წარდგენისა და WHO აღმასრულებელი საბჭოს მიერ დანიშვნის შემდგომ.

კარიერა ოჯახის ექიმად დაიწყო ბელგიაში, მუშობდა სომალიში, ლიბერიაში, ციმბირში, ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანაში, მიანმარსა და კორეაში, ხოლო ბოლო ათწლეულის განმავლობაში WHO ევროპის რეგიონული ოფისის ჯანდაცვის სისტემებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებას ედგა სათავეში.

მისი საქმიანობის მთავარი მოტივი ყოველთვის უკეთესი ჯანდაცვის სისტემების შექმნა იყო, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მოწყვლად ჯგუფებს ეთმობოდათ.

 

magti 5g