კუბელმა ქალბატონმა მავის ალვარესმა America TeVe-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრების ლეგენდამ და აწ განსვენებულმა დიეგო მარადონამ ის შეაცდინა, როდესაც 16 წლის იყო.
2000 წელს მარადონა კუბაზე კოკაინზე დამოკიდებულების რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. ალვარესს ფეხბურთელის გარემოცვიდან ვიღაც კაცი დაუკავშირდა და შეეცადა გოგონა დაერწმუნებინა სასტუმროში მისულიყო: „ის საათზე მეტხანს მარწმუნებდა, რომ დიეგოს დახმარება მნიშვნელოვანი იყო, რომ ის მსოფლიოში ცნობილი ადამიანი, კუბის მეგობარი იყო, დეპრესია ჰქონდა. საბოლოოდ დავთანხმდი“.
მას შემდეგ, გოგონას მტკიცებით, დაიწყო მათი რომანი, რომელიც სამ წელიწადს გაგრძელდა. ურთიერთობის პერიოდში მარადონამ ნარკოტიკების მიღებაზე დაითანხმა, რის გამოც მოგვიანებით ქალი დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა ნარკოდამოკიდებილებაზე.
„16-ის ვიყავი. დიეგომ ნარკოტიკები გამაცნო. ამას დაჟინებით ითხოვდა. ის მარტოსულად გრძნობდა თავს და მის გასახარებლად დავთანხმდი კოკაინის გასინჯვას. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში“, – აღნიშნა ალვარესმა.
მან ასევე განაცხდა, რომ არგენტინელმა ლეგენდამ ის აიძულა მკერდის გადიდების ოპერაცია გაეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ მოზარდი იყო. ქირურგიული პროცედურა არგენტინაში უნდა ჩატარებულიყო, რადგან გოგონას ეშინოდა, რომ კუბის კლინიკაში მის ორგანიზმში ინფექცია არ შეჭრილიყო.
გოგონამ განაცხადა, რომ რცხვენია, რაც მარადონას გავლენის გამო მოხდა, მაგრამ აღნიშნა, რომ „ჩვენ ყოველთვის არ ვირჩევთ, რა დაგვემართება“.