ერთი თვის წინ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა – მისმა პატარა შვილმა, სანდრომ ლეიკემია დაამარცხა და ის 2.5-თვიანი პაუზის შემდეგ მშობლებმა სახლში წაიყვანეს.
როგორ შეიტყვეს სანდროს ავადმყოფობის შესახებ და რა გზა გაიარეს და როგორ ებრძოდნენ შვილის ჯანმრთელობის პრობლემებს გიორგი გოჩოლეიშვილი და მისი მეუღლე – ამის შესახებ ფეხბურთელის დედამ, ხათუნა კვერნაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„დიდი ნერვიულობის შემდეგ სასიხარულო ამბები გვაქვს და ყველანი უზომოდ ბედნიერები ვართ. ჩვენი სანდრო თავს კარგად გრძნობს, ექიმებმა დანიშნული მედიკამენტებიც კი მოუხსნეს.
სანდრო 1 წლის არის. თვეების იყო, როდესაც მისი ავადმყოფობის შესახებ გავიგეთ. გიორგის მეუღლე და ბავშვი თბილისში იყვნენ, სანდროს ტემპერატურა აეწია, რაც თავდაპირველად კბილების ამოსვლას დაუკავშირეს, მაგრამ მაღალი ტემპერატურა საეჭვოდ გახანგრძლივდა. გაჩნდა ეჭვი, რომ კბილების ბრალი არ იყო. ჩატარებული კვლევებით ლეიკემია დადასტურდა. გიორგი ჩამოვიდა, მეუღლე და ბავშვი დანიაში წაიყვანა და საუკეთესო ექიმებთან, ძალიან მაღალი დონის კლინიკაში მიიყვანა. იქ უთხრეს, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა იყო საჭირო, დონორის ძიება დაიწყეს. გიორგის თანაგუნდელები, იქაური გულშემატკივრები მხარში ედგნენ, ამხნევებდნენ. ამის დასტურად, ერთ-ერთი თამაშის დროს ტრიბუნებიდან ბანერი გადმოკიდეს, რომ ყველანი გიორგის გვერდით იდგნენ. მას თანაგუნდელები, მწვრთნელი ძალიან უყვარს. სანდროს პრობლემები რომ ჰქონდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი საავადმყოფოში ბავშვის სანახავადაც კი მისულა.
გიორგისთან რომ ვრეკავდი, ვიდეოთვალს არასდროს მირთავდა, ისე მელაპარაკებოდა, ბოლომდე არ მეუბნებოდა ბავშვის მდგომარეობის სიმძიმეს. როდესაც ინტერნეტში ეს ბანერები ვნახე, წარწერით, „გიორგი გოჩოლეიშვილის ოჯახს მხნეობას ვუსურვებთო!“, ლამის გული გამისკდა…
სანდრომ ლეიკემია დაამარცხა, მადლობა უფალს! ახლა მხოლოდ კონტროლზე მიყვანა იქნება საჭირო. იმ რთულ დღეებში სოციალურ ქსელში შესვლა აღარ მინდოდა. ყველა მეკითხებოდა, მწერდა, ბავშვი როგორ არისო? ანასთან (გიორგის მეუღლე ანა ოქრუაშვილი) ლაპარაკიც მიჭირდა, ეგრევე ტირილს ვიწყებდი და არ მინდოდა, ანას და გიორგის ჩემს თვალზე ცრემლი დაენახათ. მოგეხსენებათ, საქართველოში არ ვცხოვრობ, ყველაზე ხშირი კონტაქტი ანას დედასთან მქონდა, ბებოები ერთმანეთს ვამხნევებდით“, – აღნიშნავს გიორგი გოჩოლეიშვილის დედა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ აქ