საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის მიმოქცევაში გაშვებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულმა მარკების კომისიამ, ეროვნული ბანკის ინიციატივით, საიუბილეო მარკა გამოუშვა, რომელიც საქართველოს ფოსტამ დაამზადა.
მარკაზე, რომლის ავტორიც ბაადურ ქობლიანიძეა, ლარის ბანკნოტების ნიშნებია დატანილი და ეროვნული ვალუტის 30 წლიან განვითარებას ასახავს.

„საფოსტო მარკას არ აქვს მხოლოდ ფილატელისტური დატვირთვა. საფოსტო მარკებზე აისახება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და მიღწევები. ეროვნული ვალუტა, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი დღეიდან დატანილია საფოსტო მარკაზეც და მას მთელი მსოფლიო ნახავს და შეაფასებს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა საფოსტო მარკის „ქართული ფული – ეროვნული ვალუტა – 30 წელი“ პრეზენტაციაზე.
ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა, სადაც 1920-21 წლებში ქვეყნის პირველი ცენტრალური ბანკი – საქართველოს სახელმწიფო ბანკი ფუნქციონირებდა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს ეროვნულ ბანკს ლარის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.
ცნობისთვის, აღნიშნული მარკა უკვე მიმოქცევაშია და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო მარკის ტირაჟია 30 000 ერთეული.