2023 წლის მარტის აქციების დროს, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე, 24 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო
როგორც მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, ლაზარე გრიგორიადისის გაჭიანურებული სასამართლო მისი საპროცესო უფლებების დარღვევით მიმდინარეობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, „აღნიშნული აპროცესო დარღვევები, რომლებიც მსგავს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სისტემატურ ხასიათს ატარებს, კიდევ ერთხელ არწმუნებთ იმის აუცილებლობაში, რაც ევროკავშირმა გაწევრებისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ მთავარ პირობად დაადგინა: სასამართლო სისტემაში კეთილისინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემის შემოღების გარეშე ვერც სასამართლო სისტემა გაჯანსაღდება და, აქედან გამომდინარე, ვერც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სიას ექნება დასასრული“.
„ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გამოიტანს სასამართლო განაჩენს. პროცესის უსაფუძვლოდ და არაგონივრულად გაჭიანურების და სხვა მძიმე საპროცესო დარღვევების ფონზე სულ უფრო ღრმავდება ეჭვი, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი კლანური სასამართლოს ხელში ლაზარე გრიგორიადისი სამართლიან მართლმსაჯულებას ვერ მიიღებს.
2024 წლის 28 მარტის სხდომაზე მოსამართლე ზვიად შარაძემ გადადო დასკვნითი სიტყვების მოსმენა იმ მოტივით, რომ ლაზარე გრიგორიადისი პროცესს „არ ესწრებოდა“. ამასთან, როგორც მოსამართლემ განაცხადა, მან არ დააკმაყოფილა ლაზარე გრიგორიადისის თხოვნა სხდომაზე დისტანციურად დასწრების შესახებ იმის გამო, რომ ლაზარე გრიგორიადისს „არ ჰქონდა წარდგენილი მიზეზი“, რის გამოც ვერ ახერხებდა სასამართლოში გამოცხადებას. უფრო მეტიც, როგორც მოსამართლემ განაცხადა, თუ ლაზარე გრიგორიადისი შემდეგ სხდომაზეც „არ გამოცხადდება“, ჩაითვლება, რომ იგი „თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას“ და, შესაბამისად, სხდომა მის დაუსწრებლად ჩატარდება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში მისი საქმის განხილვაში როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. იმავე კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სასამართლო განხილვაში ამავე მხარემ მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
ადვოკატი: „ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს“
ზემოაღნიშნული ნორმები იმაზე მიუთითებს, რომ სხდომაზე დისტანციურად დასწრება ბრალდებულის უფლებაა, რომლის გამოყენებისას არავითარი მიზეზის დასახელება საჭირო არ არის. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ უხეშად დაარღვია სისხლის საპროცესო კანონის მოთხოვნა, როდესაც ლაზარე გრიგორიადისს მოსთხოვა ის, რაც მას კანონით არ ევალება. სხვათა შორის, მიზეზის დასახელება სავალდებულოც რომ ყოფილიყო, ასეთი მიზეზი ლაზარე გრიგორიადისმა დაასახელა – მან თქვა, რომ სტრესის გამო უჭირს ხალხით გაჭედილ დარბაზში ყოფნა. თუმცა, მოსამართლემ სრულებით უგულებელყო ეს მიზეზი.
ლაზარე გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დარღვევა კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს მიიღებს, თუ მოსამართლე შეასრულებს დაპირებას და მომდევნო სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დასწრების მოთხოვნას ლაზარე გრიგორიადისს სხდომაზე არგამოცხადებად ჩაუთვლის, რასაც შედეგად სხდომის ლაზარე გრიგორიადისის დაუსწრებლად ჩატარება მოჰყვება. ეს კი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და მე-3(c) პუნქტებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას გამოიწვევს.
დღეისათვის ნათელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა უკვე უსაფუძვლოდ გაჭიანურდა, რაც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების კიდევ ერთი ასპექტის – საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლების დარღვევის ნიშნებს შეიცავს.
საპროცესო კანონის სერიოზული დარღვევები ამ საქმეში ლაზარე გრიგორიადისის დაკავების და პოლიციაში მიყვანის დროიდან ფიქსირდება. კერძოდ, მიუხედავად მისი დაჟინებული მოთხოვნისა, იგი რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა ადვოკატის გარეშე. ეს გარემოება მისი გამოკითხვის ოქმისა და, ე.წ. „მოწამლული ხის ნაყოფის დოქტრინის“ თანახმად, ამ ოქმიდან გამომდინარე ყველა სხვა მტკიცებულების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველი უნდა გამხდარიყო (იხ. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი). თუმცა, პოლიტიზირებული სასამართლოსთვის არც ასეთი სერიოზულ დარღვევა წარმოადგენს დაბრკოლებას.
პოლიტიკური დაკვეთა კი მოცემულ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ის არის, რომ ლაზარე გრიგორიადისი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რათა საზოგადოებაში, განსაკუთრებით მის ახალგაზრდულ ნაწილში, ჩაისახოს შიში და მოლოდინი იმისა, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ნებისმიერ მათგანს შეიძლება მეტისმეტად ძვირი დაუჯდეს“, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
📢 ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ლაზარე გრიგორიადისის საქმეს. საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში…
Posted by საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო on ორშაბათი, 01 აპრილი, 2024
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ორჯერ ისროლა.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.