ლედი გაგა საქმროსთან, მაიკლ პოლანსკისთან ერთად Breakthrough Prize-ს დაესწრო. არტისტს საღამოზე პერფორმანსი არ გაუმართავს. ის ღონისძიებაზე საყვარელი მამაკაცის მხარდასაჭერად, სტუმრის სტატუსით წარდგა.
პოლანსკის დასწრება ცერემონიაზე ნიშანდობლივი იყო. მაიკლი წარმატებული ბიზნესმენი და ინვესტორია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სფეროსთან, Breakthrough Prize კი სწორედ იმ ადამიანებსა და ინსტიტუტებს აერთიანებს, ვისთანაც ის წლებია თანამშრომლობს.
ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ წყვილი ერთად ხშირად ჩნდება ერთმანეთისთვის მნიშვნელოვან მოვლენებზე, მაიკლის გვერდით საცოლის ხილვა არავის გაჰკვირვებია.
ცნობილი ფაქტია, რომ პოლანსკი და გაგა საერთო ინტერესს იზიარებენ მეცნიერებისა და ქველმოქმედების მიმართ – პოლანსკი მუშაობს სიმსივნის იმუნოთერაპიის განვითარებაზე, ხოლო გაგა თავისი ფონდის, Born This Way მეშვეობით აქტიურად უჭერს მხარს ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივებს.
საინტერესოა, რომ ისინი ერთმანეთს პირველად სწორედ მეცნიერებისა და ქველმოქმედების სფეროში მოღვაწე საერთო მეგობრის, შონ პარკერის წვეულებაზე შეხვდნენ.
ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ენ ჰეთეუეი, ჯესიკა ჩესტეინი და რობერტ დაუნი უმცროსი.
ცნობისთვის, Breakthrough Prize, რომელსაც ხშირად „მეცნიერების ოსკარს“ უწოდებენ, აჯილდოებს მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, ფუნდამენტური ფიზიკისა და მათემატიკის დარგებში.