LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე – ევაკუაციის დიდი იმედი გვაქვს, აქ ადამიანები, მებრძოლები კვდებიან, რადგან არ გვაქვს მათი დახმარების შესაძლებლობები

110
1652390734-d079871c87d3fb50593997f9b0b09836

ევაკუაციის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ადამიანები აქ კვდებიან, მებრძოლები კვდებიან, რადგან ჩვენ არ გვაქვს მათი დახმარების საშუალება და შესაძლებლობები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.

„მათ არაფერში ანაღვლებთ დაჭრილები. არაფრად აგდებენ ჟენევის კონვენციებს. 1949 წლის კონვენციის მეცხრამეტე მუხლი არსებობს, სადაც მკაფიოდ წერია, რომ მობილური ან სტაციონარული პუნქტები, სადაც იმყოფებიან დაჭრილი მებრძოლები და მკურნალობენ, არ უნდა დაიბომბოს, ამ ადგილებს ცეცხლი არ უნდა გაუხსნას არც ერთმა მხარემ. მაგრამ რუსები ყველაფერს ბომბავენ. მუშაობს არტილერია, ისვრიან გემებიდან, ტანკებიდან. ამ დროს რუსები ჯავშანმანქანების საფარქვეშ შემოდიან „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე. აქ მიმდინარეობს ლოკალური ბრძოლები. ცოტა ხნის წინ გავავრცელეთ ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ვდევნით რუსებს, შემდეგ ისინი ისევ ბრუნდებიან. ასეთი ბრძოლები ყოველდღე ხდება.

ჩვენ ევაკუაციის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. საერთოდ დაჭრილების რაოდენობა არის დაახლოებით 600, თუმცა მათი რიცხვი ხან იმატებს და ხანაც იკლებს. ადამიანები აქ კვდებიან. მებრძოლები კვდებიან, რადგან ჩვენ არ გვაქვს მათი დახმარების საშუალება და შესაძლებლობები. მათ აქვთ ჭრილობები, რომლებიც მიიღეს დაბომბვების დროს, ასევე ტყვიით მიყენებული ჭრილობები, მათ აქვთ განგრენა“, – განაცხადა პალამარმა.

მისი თქმით, რუსებმა ასევე ძალიან სერიოზული დარტყმა მიიტანეს ჰოსპიტალზე და შესაბამისად, ყველა ქირურგიული ინსტრუმენტი ახლა ნანგრევებშია.

„ანუ როდესაც საუბრობენ ციფრზე 36 ან 38, ეს იყო ერთი კვირის წინ, ახლა მძიმედ დაჭრილების რაოდენობა მეტია. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ ისინი გარკვეული რაოდენობის მოქალაქეებს მაინც გაიყვანენ და ეს იქნება შვება. ჩვენ გვინდოდა, რომ მომხდარიყო ჯერ სამოქალაქო პირების ევაკუაცია, შემდეგ უკვე ვითხოვთ ისეთი მებრძოლების ევაკუაციას, რომლებსაც ბრძოლა აღარ შეუძლიათ ანუ ვერ უჭირავთ იარაღი ხელში. ასეთი კი დაახლოებით 600 ადამიანია. ამას ემატებიან მედიკოსები, რომლებიც კოლოსალურ სამუშაოს ასრულებენ და ისინიც გადასარჩენები არიან. მე, როგორც მეთაური, ვაფასებ ჩემს ჯარისკაცებს და ვფიქრობ, ქვეყანაც აფასებს მათ. მათ რეალურად შეუძლებელი შეძლეს. 78 დღე ასეთ პირობებში, როდესაც მტერს ჰყავს ავიაცია, ფლოტი და დიდი უპირატესობა ყველაფერში, დაცვის შენარჩუნება ძალიან რთულია. ამიტომ იმედი მაქვს, რომ მათი სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდება ევაკუაციით, მესამე ქვეყანაში ან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუაციით, ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური მეთოდით“, – განაცხადა სვიატოსლავ პალამარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g