LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – სამშენებლო სექტორი ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი წარმმართველი ძალაა

120
ლევან დავითაშვილი

ახალი ბრენდები და ინოვაციები სამშენებლო სექტორში – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელეს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ საერთაშორისო ხარისხის რიგით მე-7 კონფერენციაზე, რომელშიც 300-მდე ადგილობრივი წამყვანი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, დეველოპერები, ინჟინრები და  დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. მისი თქმით, სამშენებლო სექტორი ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი წარმმართველი ძალაა.

„სამშენებლო სექტორში სწორი პოლიტიკა მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ იმისთვის, რომ სექტორი სწრაფად და ხარისხიანად ვითარდებოდეს – ჩვენ განვითარების ისეთ ეტაპზე შევდივართ, როდესაც ეკონომიკური ზრდა და განვითარება გვსურს არა ყველაფრის ფასად, არამედ გვსურს ხარისხიანი ზრდა, რომელიც უფრო მდგრადი იქნება და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტ შედეგს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ 2023 წლის მონაცემებით, მშენებლობის სექტორმა 100 000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ბაზარზე ზედამხედველობის, სივრცითი და ურბანული განვითარების როლსა და იმ რეფორმებზე, რომლებსაც ეკონომიკის სამინისტრო ბოლო წლებია, წარმატებით ახორციელებს. მისი თქმით, 2020 წლიდან ბაზარზე ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომლის მიზანია, შეზღუდოს საფრთხის შემცველი პროდუქტების ბაზარზე ხელმისაწვდომობა, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, აგრეთვე გარემო და საკუთრება. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სამშენებლო სფეროს რეგულაცია 500-ზე მეტ სამშენებლო პროდუქტს მოიცავს და მათი დაფარვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამჟამად ზედამხედველობა ხორციელდება 21 დასახელების პროდუქტზე, ამ ჩამონათვალს 2025 წლიდან 101 ახალი პროდუქტი დაემატება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მოხსენებაში ხაზი გაუსვა სამშენებლო დარგში კვალიფიციური კადრების მნიშვნელობას. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბებაზე – საქართველოს მთავრობის დადგენილებით, არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესი დამტკიცდა და კანდიდატის სერტიფიცირებას აკრედიტებული ორგანოები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად განახორციელებენ, რაც გააუმჯობესებს ხარისხს სამშენებლო სექტორში.

„სამშენებლო სექტორის ევროპულ მოდელთან დასაახლოებლად, სამინისტრო კოორდინაციას უწევს ევროკოდების დანერგვას, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს კონსტრუქციების ოპტიმალურ უსაფრთხოებას, გამძლეობას და შესაბამისად, მეტად მდგრად მშენებლობას. ევროკოდების მნიშვნელოვანი ნაწილი და მათი ეროვნული დანართები სამოქმედოდ იქნა დაშვებული მთავრობის დადგენილებით. მიმდინარეობს დანარჩენი ევროკოდების ეროვნული პარამეტრების შემუშავება, რომელიც 2025 წლის განმავლობაში მზად იქნება სამოქმედოდ დასაშვებად და განისაზღვრება გარდამავალი პერიოდი ევროკოდების სავალდებულოდ გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მდგრად სივრცით განვითარებასა და დასახლებების სწორ ურბანულ დაგეგმვაზეც, რომელსაც 2022 წლიდან სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო ახორციელებს. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამჟამად სააგენტო საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომლის მიხედვითაც დადგინდება ყველა მნიშვნელოვანი ესთეტიკური პარამეტრის განსაზღვრის მეთოდოლოგია და პრინციპი, მათ შორის, განისაზღვრება ნებადართული სამშენებლო მასალები და მათი გამოყენების პირობები.  შედეგად, ყველა დასახლებას ეტაპობრივად ექნება რეგლამენტი, რომლის დაცვაც, საბოლოო ჯამში, მოგვცემს გაუმჯობესებულ და მიმზიდველ საცხოვრებელ გარემოს.

საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ჰაიდლებერგცემენტის ორგანიზებით ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. სექტორის ადგილობრივ წარმომადგენლებს ისეთი ცნობილი კომპანიების ხელმძღვანელების გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცათ, როგორებიცაა: Zaha Hadid Architects, One Thousand Museum, ARUP, GBCI Europe, ABB, Aluprof, Maxit, Kaya Safety, VDZ Technology gGmbH, Gensler Architects და სხვა.