ვარკეთილში ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,სამივე მათგანი ნასამართლევია. უწყების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ბანკიდან 2030 ლარამდე გაიტაცეს.
„ყაჩაღებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს ბანკში მყოფ ორ მოქალაქეს, რომლებიც გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში, დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც დეტალურად აღწერეს დანაშაულის მზადების და შემდგომი განვითარების პროცესი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისისა და იმერეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთობლივად დაკავებულ იქნა 2000 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჯანიაშვილი, 1998 წელს დაბადებული გურამ ხვადაგიანი, 1998 წელს დაბადებული ამირან ლაკვახელიანი. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია.
პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.
