LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომჯარია – დავინახე, რომ პრეზიდენტი არის ყველაფრისთვის მზად, რაც იქნება საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის დაკვეთა

76
1

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლომჯარიამ განაცხადა, მან დაინახა, რომ პრეზიდენტი ყველაფრისთვის მზად არის, რაც საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის დაკვეთა იქნება:

“პრეზიდენტი ამ პროცესს არ იწყებს წინასწარ განსაზღვრული განწყობებით, ან დამოკიდებულებებით კონკრეტული საკითხების მიმართ. მას სურს, რომ მოუსმინოს საზოგადოების ფართო ფენებს და მათგან მიიღოს იდეები, როგორია საზოგადოებრივი დაკვეთა.

პრეზიდენტს არ სურს, რომ ეს პროცესი იყოს აღქმული, როგორც კონკრეტულ პარტიებს შორის შეთანხმებად, ან გარიგებად. ის ამ პროცესს უყურებს უფრო ფართოდ, თუმცა თუ ეროვნულ შეთანხმებას დასჭირდება კონკრეტული ნაბიჯები არ გამოვრიცხავ, რომ იყოს გადადგმული. დავინახე, რომ პრეზიდენტი არის ყველაფრისთვის მზად, რაც იქნება საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის დაკვეთა”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, არ ადასტურებს, რომ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ისაუბრეს, თუმცა სხვა საქმეებთან ერთად ახსენა ეს საკითხიც:

“არ ვადასტურებ, რომ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ვისაუბრეთ, თუმცა ვახსენე ეს და სხვა საქმეები, სადაც ჩანს პოლიტიკური მოტივაცია. მაქვს მოლოდინი, რომ ამ პროცესის და დამოუკიდებელი სასამართლოს შედეგად პოლიტიკურად მიმდინარე დევნები დასრულდება. არ მინდა, რომ დავავიწროვო ეს პროცესი თუნდაც მესამე პრეზიდენტის შეწყალებამდე, ეს არის უფრო სერიოზული პროცესი, რომელიც უნდა შეეხოს საზოგადოების ფართო ფენებს, ამისგან ყველამ უნდა მიიღოს სარგებელი”, – თქვა ლომჯარიამ.

პოპულარულები