LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლუა GMI-ს გუნდმა შეარჩია და ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა არჩევანმა გაამართლა” – ქართველი შემსრულებელი საერთაშორისო მუსიკალურ სამიტზე

100
art fm

20 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ის სტუმარმა GMI-ს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ბეჟაშვილმა და მუსიკოსმა ლუა ქეთათო ნერგაძემ ესპანეთში გამართულ უმსხვილეს მუსიკალურ სამიტზე ისაუბრეს.

ზურაბ ბეჟაშვილი – მუსიკალური ფორუმი, რომელიც 15 წელია არსებობს და დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს, მანამდე მეტწილად საფრანგეთში, კანში ტარდებოდა, გასულ წელს პირველად გაიმართა ესპანეთში, მალიორკაზე. ერთკვირიან სამიტზე ნიჭიერი კომპოზიტორები იკრიბებიან, რომლებიც მენტორების ხელმძღვანელობით პროდიუსერებთან, ტექსტის ავტორებსა და შემსრულებლებთან ერთად ქმნიან ახალ მუსიკალურ ნაწარმოებებს ადგილობრივ სტუდიებში. რა თქმა უნდა, კომპოზიტორების მთავარი მიზანი საკუთარი ნამუშევრის აუდიტორიამდე მიტანაა, მუსიკალური გამომცემლობები კი, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იყრიან თავს, სწორედ მათ პროპაგანდას და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გავრცელებაზე ზრუნავენ.

ღონისძიების პარტნიორი თავად Spotify-ია, რომლის წარმომადგენელი პირადად ხვდება არტისტებს და ინტენსიური პრეზენტაციებით ეხმარება კარიერის განვითარებასა და სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზე დამკვიდრებაში.

გასულ წელს პირველად დავესწარი ფორუმს და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ მსგავს ღონისძიებაში აუცილებლად უნდა მიეღო მონაწილეობა ქართველ შემსრულებელს. რა თქმა უნდა, გარკვეული კრიტერიუმებით ვხელმძღვანელობდი, მთავარი იმ არტისტის შერჩევა იყო, რომელიც მუსიკის წერასაც შეძლებდა, პროდიუსერიც თვითონ იქნებოდა და შორტლისტშიც მოხვდებოდა. ლუა GMI-ს გუნდმა შეარჩია და ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა არჩევანმა გაამართლა. პირველ ნაწარმოებზე ლუამ პროდიუსერის რანგში იმუშავა, მეორე ეტაპზე კი კომპოზიტორიც თვითონ იყო და შემსრულებელიც.

ვფიქრობ, სამიტი მნიშვნელოვანია როგორც ლუასთვის და ისე მთელი ქართული მუსიკისთვის. საქართველოში დიდი ხანია აქტიურად მუშაობენ მუსიკალური ლეიბლები და გამომცემლობები. იმედია, მალე ისინიც შეუერთდებიან სამიტს და შეეცდებიან ქართული მუსიკის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას. ძალიან რთულია მსგავსი ფორუმის შორტლისტში მოხვედრა, ამიტომ ვამაყობ ქართველი არტისტის  წარმატებით, მით უფრო, რომ თვითონაც უზარმაზარი გამოცდილება შეიძინა კოლეგებთან თანამშრომლობით.

ძალიან გვინდა რომ ქართველმა არტისტებმა ყოველ წელს მიიღონ მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში, თუმცა კონკურენტუნარიანი არტისტის შერჩევაა საჭირო, რომლებიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ სხვა მონაწილეებს. შესარჩევ კონკურსში, რომელსაც GMI გაუძღვება, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა, ვისაც პროდიუსინგის გამოცდილება აქვს და ინგლისურენოვანი სიმღერის შექმნა შეუძლია. ნოემბრის თვეში კიდევ ერთ საერთაშორისო სამიტზე გავემგზავრებით, ქართული მუსიკისა და არტისტების პოპულარიზაციის მიზნით.

ლუა ქეთათო ნერგაძე – რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, როცა 21 საუკეთესოს შორის მოვხვდი. ყოველთვის საპასუხისმგებლოა ასეთ კონკურსში მონაწილეობა, მით უფრო, რომ პირველი ვიყავი საქართველოდან. უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე, მანამდე მხოლოდ განწყობით, შთაგონებით ვწერდი მუსიკას, სამიტზე კი, ყოველდღე მომიწია მუშაობა სხვა არტისტებთან ერთად, რაც თავიდან ძალიან მაშინებდა, თუმცა საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. ყოველთვის რთულია უცნობ მუსიკოსებთან მუშაობა, რადგან ყველას აზრის გაზიარება და გათვალისწინებაა საჭირო, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი ორგანულად, ძალიან ბუნებრივად გამოვიდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო GMI-ს, რადგან სწორედ მისი წყალობით შევიძინე მსგავსი გამოცდილება.

მიხარია, რომ Spotify-ის წარმომადგენელი გავიცანი, რადგან სწორედ მისი დახმარებით ვგეგმავ საკუთარი კომპოზიციების საერთაშორისო ფლეილისტებში შეტანას და ჩემი შემოქმედების უცხოელი მსმენელისთვის გაცნობას. 2024 წლისთვის რამდენიმე სინგლის, მერე კი, ალბომის გამოშვება მინდა, ამიტომ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები