აქციაზე არასამთავრობო სექტორს რომ ამოეფარები, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი გაქვს, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
ის ასევე ეხმაურება საია- ს ხელმძღვანელის განცხადებას და აღნიშნავს, რომ “ნიკა სიმონიშვილმა აღიარა, რომ პრაქტიკულად, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიად გადაიქცა”.
„კარგია, რომ სიმონიშვილმა აღიარა, რომ პრაქტიკულად, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიად გადაიქცა. როცა საზოგადოებას ატყუებ, რომ აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ და რეალურად, იქ საზოგადოებას პოლიტიკური განცხადებები და მთავრობის გადაყენების მოთხოვნები დახვდა, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ დაინახა, რომ არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ ორგანიზაციად არის გადაქცეული. ისინი სამართლებრივად პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდებიან თუ არა, მათი საქმეა, მაგრამ საზოგადოებამ ის დაინახა, რასაც ვაანონსებდით – საპროტესტო აქციები არასამთავრობო სექტორმა გამოაცხადა, მაგრამ ამის უკან პოლიტიკური ძალები დგანან, რომლებიც ვეღარ დაიმალდნენ.
როცა პოლიტიკოსი ხარ, პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია გაქვს, აქციაზე არასამთავრობო სექტორს რომ ამოეფარები, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი გაქვს“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.