ეროვნული ბანკი არის უმნიშვნელოვანესი საფინანსო ინსტიტუტი ქვეყანაში, ამიტომ, ბევრი რამ არის დამოკიდებული მასზე და ზოგადად, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის შედეგებზეც ბუნებრივად პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, რადგან ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ამიტომაც არის ის, რომ იგივე ეროვნული ბანკის შესახებ კანონთან დაკავშირებით ჩვენ რა პოზიციაც გაგვაჩნია, რომ უნდა იყოს დამოუკიდებელი და არის კიდეც, თუმცა ეს არ უნდა იყოს დამოუკიდებელი ხალხისგან და ხალხის მოთხოვნებისგან, სახელმწიფოს ინტერესებისგან, ამაზეა საუბარი. ამიტომ, ჩვენ ამ საკითხს რა თქმა უნდა ბოლომდე დავიცავთ იმ პრინციპით, რომ ეროვნული ბანკიც არის ის ინსტიტუცია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს და ხალხია ინტერესებს.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ შიდა და გარე ძალები ებრძვიან საქართველოს, რომ არ იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, მათ შორის ეკონომიკური და ბუნებრივია, რომ ამიტომ გვინდა, იყოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი და არის კიდეც, მაგრამ იყოს ხალხის ინტერესებში და სახელმწიფოს ინტერესებში, არ მოქმედებდეს ძალიან ისე დამოუკიდებლად, რომ საქართველოს მთავრობას არაფერს ეკითხებოდეს, რომელიც ასევე არის რა თქმა უნდა პასუხისმგებელი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 12 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება” ეროვნული ბანკის კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. როგორც მამუკა მდინარაძემ თქვა, პრეზიდენტის შენიშვნები, ფაქტობრივად, ემთხვევა ოპოზიციისას.