კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან ერთად, საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს და პარლამენტიდან მიდის. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ის პარლამენტს ტოვებს, თუმცა რჩება გუნდში – პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში და იმუშავებს პროექტზე.
„კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზები თავად ახსნა. მე და ჩემი კოლეგები მეტ-ნაკლებად საქმის კურსში ვართ იმ დიდ პროექტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მას აქვს თავისი სურვილები და მოსაზრებები.
ის რჩება გუნდში, პოლიტსაბჭოში, თანამდებობაზე პარტიაში და გაუძღვება მიმართულებას, რასაც საზოგადოება მალე გაიგებს. მან პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას ალღო კარგად აუღო და პარლამენტის ერთ-ერთი წარმატებული თავმჯდომარე იყო“ – აღნიშნავს მაჭარაშვილი.
კახა კუჭავას, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტში გია ცაგარეიშვილი შეცვლის. “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში, ადგილმონაცვლე სწორედ გია ცაგარეიშვილია.
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ის “შორს არსად მიდის” და ძალიან მნიშვნელოვან პროექტს უხელმძღვანელებს, რაზეც საზოგადოება უფრო მეტ დეტალს მომავალ წელს გაიგებს. კუჭავას ამბობს, რომ ეს მის მიერ თანამდებობის დატოვების ყველა მიზეზს “ახსნის”.
შეგახსნებთ, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ქართულმა ოცნებამ შალვა პაპუაშვილი წარადგინა.