ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიმართულია თბომომარაგების ალტერნატიული შესაძლებლობების შეთავაზების გზით, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისa და ტურისტული და სარეკრეაციო რაიონების განვითარებისკენ. მემორანდუმს ხელი მოეწერა ‘სოკარის“ „მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, „სოკარი“ საქართველოში განახორციელებს მნიშვნელოვან „მწვანე ინიციატივას“, რომელიც საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების გაზით ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მომარაგების ითვალისწინებს.
ცნობისთვის, „მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში, კომპანია „სოკარმა“ უკვე განახორციელა პილოტური პროექტი კურორტ საირმეში, რომელიც ითვალისწინებს კურორტისთვის გაზის მიწოდებას გადატანადი მოდულური კონტეინერებით. ისინი დამზადებულია გერმანული ტექნოლოგიით კომპოზიტური მასალებისგან. აღნიშნული კონტეინერებით მოხდება საირმესა და სხვა მაღალმთიან დასახლებებში კომპრესირებული სახით არსებული გაზის გადატანა და შემდეგ დასახლებული პუნქტის მილსადენში გაზის დეკომპრესირება.
კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მაჰირ მამედოვის განცხადებით, კომპანია აპირებს აღნიშნული მეთოდის გამოყენებას საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების გაზიფიკაციის პროცესში, რადგან რთულად მისავალ ადგილებში ტრადიციული გაზსადენების მშენებლობა არამომგებიანია.
„საირმეში გაზიფიკაციის სტანდარტული სქემით რომ წავსულიყავით, 8-ჯერ მეტი ფინანსური რესურსი უნდა დაგვეხარჯა. თუმცა გადატანადი მოდულების გამოყენებით პროექტი გაცილებით იაფი და ეკონომიკურად მომგებიანი გახდა,“ – განაცხადა მაჰირ მამედოვმა და დასძინა, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეამცირებს მაღალმთიან ზონებში ხე-ტყის ჭრას გათბობის მიზნით.