რუსეთში დაბადებულმა მილიარდერმა იური მილნერმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი ოფიციალურად თქვა. უცხოური მედიის ცნობით, მილნერმა მოქალაქეობის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესი აგვისტოში დაასრულა.
თავად მილიარდერმა Twitter-ზე განმარტა, რომ მან და მისმა ოჯახმა რუსეთი ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წელს დატოვეს. თებერვალში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მისმა კომპანიამ DST Global-მა გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო “რუსეთის ომი მისი სუვერენული მეზობლის, უკრაინის წინააღმდეგ” და ხაზი გაუსვა “უდანაშაულო მოსახლეობის წინაშე ჩადენილ სისასტიკეს”.
მოსკოვში დაბადებული მილნერი Mail.ru ჯგუფის თანადამფუძნებელია, თუმცა მისი ქონების უდიდესი ნაწილი არა რუსეთის ფედერაციას, არამედ აშშ-ის, სილიკონის ველს უკავშირდება. Forbes-ის შეფასებით, მილნერის ქონება 7.3 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის რუსეთის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო.
ბიზნესმენი ცნობილი გახდა სხვადასხვა ტექნოლოგიურ სტარტაპებში განხორციელებული ინვესტიციებით, მათ შორის ყველაზე წარმატებული მაგალითი კი Facebook-ის, Twitter-ის, Snapchat-ისა და Airbnb-ის უკავშირდება.
მილნერს ისრაელის მოქალაქეობაც აქვს, 2014 წლიდან კი ის აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ცხოვრობს.