„მაიტა სკუტერი“ – ასე ჰქვია ახალ ქართულ კომპანიას, რომელიც ორმა თელაველმა ახალგაზრდამ, თელავში ტურისტების მოსაზიდად შექმნა.
როგორც „კახეთის ხმა“ იუწყება, დავით იორდანიშვილმა და გიორგი კახაშვილმა საკუთარი ფინანსებით სკუტერები შეიძინეს და გადაადგილების ამ ფორმით მსურველი ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის, კახეთის ტურისტული ადგილების მონახულებისთვის სკუტერების გაქირავება დაიწყეს.
ბიზნესიდეის ერთ-ერთი ავტორი გიორგი კახაშვილი ამბობს, რომ ბავშვობიდან უყვარდა მოგზაურობა, სწორედ ამიტომ გაჩნდა მოგზაურობისთვის საჭირო ტრანსპორტის ყიდვის იდეა, რომელიც შემდეგ დაამუშავა და მეგობართან ერთად ბიზნესიდეად აქცია.
,,გვიყვარს მოგზაურობა, კახეთი და ამიტომ შევქმენით ეს კომპანია, რომელსაც ვცდილობთ რომ განვავითაროთ. ვფიქრობთ, ეს არის ერთ–ერთი კარგი საშუალება იმისთვის, რომ გადაადგილდე, გაიცნო კახეთი, ურთიერთობაში შეხვიდე ადგილობრივებთან’’,- განაცხადა კახაშვილმა.



ბიზნესიდეის ავტორები ამბობენ, რომ სულ ერთი კვირაა, რაც დაიწყეს მუშაობა და ქართველი და უცხოელი ტურისტები უკვე ჰყავდათ.
,,ჩვენი პირველი მომხმარებლები იყვნენ ირლანდიელები, რომლებმაც იქირავეს სკუტერი და იყვნენ სიღნაღში. კახეთში ეს მომსახურება არავის აქვს და ეს გვხდის ჩვენ საინტერესოს და ამ მიმართულებით პირველებს. სკუტერის 1 საათით გაქირავება 15 ლარი ღირს, 1 დღით 50 ლარი, 24 საათით კი – 70 ლარი.’’ – ამბობენ „მაიტა სკუტერის“ დამფუძნებლები.


