ევროკავშირის ქვეყნების ტურიზმის მინისტრები COVID-პასპორტის შექმნაზე ფიქრობენ. იდეა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ხორვატიის ტურიზმის მინისტრ ჰარი კაპელის ეკუთვნის.
„მინისტრები თანახმა არიან, შეიქმნას საერთო დოკუმენტი პირობითი სახელწოდებით COVID-პასპორტი, რომელიც მთელი ევროკავშირის მასშტაბით იმუშავებს“, — განაცხადა კაპელიმ.
მისივე განმარტებით, ახალი დოკუმენტი ნებისმიერი სახეობის ტრანსპორტით მოძრავ ტურისტებზე გაიცემა, იქნება ეს ავტომობილი, მატარებელი, თვითმფრინავი თუ საზღვაო ხომალდი.
როგორც უცხოური მედია წერს, ტურისტულ სფეროს კორონავირუსის პანდემიამ დიდი დარტმა მიაყენა და სწორედ მის აღსადგენად ევროკავშირი შეიმუშავებს ერთიან დოკუმენტს COVID-პასპორტს, რომელიც უსაფრთხოების სერტიფიკატის როლს შეასრულებს.