LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ჯოლოგუა: „ყოველ ჯერზე, როცა სერიალის „შუა ქალაქში” მსახიობები ვიკრიბებით, დრო ჩერდება და თითქოს მე ისევ 27 წლის ვარ“

718
მარიამ-კოსტავა

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, მარიამ ჯოლოგუა, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან „შუა ქალაქში“.

როგორც ვიცი, არ გიყვარს ინტერვიუები

დიახ, არ მიყვარს, ზოგადად, არ მაინტერესებს ყოველივე ეს, არ მსურს ვჩანდე, არადა ეს მსახიობის პროფესიის შემადგენელი ნაწილია. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ისედაც იმდენს გავცემ, რომ აღარაა საჭირო ეს ინტერვიუები. იშვიათად ვთანხმდები ხოლმე და როცა ეს ხდება, მხოლოდ საქმეზე ვსაუბრობ. პირადზეც არ მიყვარს საუბარი.

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, ბავშვობა და შენი სამსახიობო ნიჭი…

მეცნიერების ოჯახში ვარ გაზრდილი და საიდან მოვიდა ყოველივე ეს, არავინ იცის. ოჯახში, სამსახიობო დინასტიას დავუდე საფუძველი. მე მესმის ჩემი ოჯახის, როცა ჩემს არჩევანს ეწინააღმდეგებოდნენ. უცნაური პერიოდი იყო, გაჩერებული იყო ყველაფერი. საბოლოოდ ხელოვნებათმცოდნეობა გადავწყვიტეთ. მაგრამ ულტიმატუმი წავუყენე, რომ სარეჟისორო კურსზეც უნდა ჩამებარებინა და ჩავაბარე კიდეც. მესამე კურსიდან უკვე ვმუშაობდი. ჟურნალ „ამარტაში“, ხელოვნებათმცოდნის პოზიციაზე ვმუშაობდი.

შენი პირველი როლი…

პირველი როლი თეატრალურ უნივერსიტეტში იყო – ელისაბედ დედოფლის როლი ვითამაშე, ეს ეპიზოდური როლი იყო. შემდეგ კი, უკვე მესამე კურსზე, შექსპირის „მეთორმეტე ღამე“, სადაც ოლივიას როლი ვითამაშე და დღემდე ჩემს უსაყვარლეს როლად რჩება. იყო მსახიობი, არის ურთულესი პროფესია, ყოველ ჯერზე ყველაფერს თავიდან იწყებ. მუდამ ახალი გამოწვევების წინაშე დგები.

პირველი მეუღლეც მსახიობი იყო

დიახ, თუმცა როცა მე უკვე სცენაზე ავედი, ჩვენ ცოლ-ქმარი აღარ ვიყავით.

სერიალი, რომელმაც შენ დიდი პოპულარობა მოგიტანა, „შუა ქალაქში“ და შენი როლი, ანანო…

სერიალმა „შუა ქალაქში“ ჩემი თაობის მსახიობებს დამაწია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაზე ნაკლებად საკუთარ თავს იუმორისტულ სერიალში ვხედავდი. ქასთინგისთვის დამირეკეს და მივედი. კი ვამბობ, რომ პოპულარობა არ მაინტერესებს-მეთქი, მაგრამ ახლა მიხარია, თუ ქუჩაში მცნობენ, ესე იგი, ძალიან არ შევცვლილვარ. თუმცა, ისე, ყოფილა შემთხვევა, რომ გამვლელისთვის მითქვამს, გეშლებათ, არ ვარ მე ანანო-მეთქი.

ახლა საახალწლო საკონცერტო სერიების გადაღების პროცესი მახსენდება – ყველანი ჩავმწკრივდით, თავი გადაღებაზე გვეგონა, ფარდა დაიძრა და მაყურებლისგან ისეთი ხმა გავიგეთ, ეს ხმა არასდროს დამავიწყდება. ეს იყო სტიქიური ხმა. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვიკრიბებით, დრო ჩერდება და თითქოს მე ისევ 27 წლის ვარ.

შენი შვილიც მსახიობია..

თავიდან საშინელი წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა მე არ გამიბრძოლია. ბუკა ძალიან ემოციურია, ზედმეტად წესიერი ადამიანია. რობერტ სტურუასთანაა, სერიალში, „ცვალებად ნიშნებშიც“ იღებს მონაწილეობას.

რას საქმიანობ ამჟამად?

ეს არის თეატრალური სტუდია, ბავშვთა და მოზარდთა. ისე მოხდა, რომ ამ საქმიანობამ ჩემი დრო სრულად ჩაიგდო ხელში. მე ვწერ, ვდგამ სპექტაკლებს. როგორც ამბობენ, საყვარელი მენეჯერი და დირექტორი ვარ, თუმცა მე ჩემს ცხოვრებაში მსახიობის გარდა, სხვა პროფესიას არ ვაღიარებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები