LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ბერიძისთვის დაბადების დღეზე ყველაზე დიდი საჩუქარი სიყვარულია: „ყველაფერზე მეტირება…“

2031
marinaberidzebirthday

დღეს მარინა ბერიძის დაბადების დღეა. ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი, არ გაგიკვირდებათ და საკუთარ იუბილეს ახალგაზრდა მუსიკოსების გარემოცვაში შეხვდა, რომლებმაც მას სახლში მიაკითხეს. რასაკვირველია, მასთან სტუმრად იყვნენ ქალიშვილი და შვილიშვილები…

პანდემიის შემდეგ აპირებს, დაბადების დღე უფრო გრანდიოზულად აღნიშნოს, ახლა კი მოკრძალებულად, ოჯახის წევრების გარემოცვაში შეხვდება…

პირველ რიგში, გილოცავთ დაბადების დღეს!.. როგორ აღნიშნავთ ამ დღეს?

გუშინ ბავშვები მოვიდნენ, ახალგაზრდები, მუსიკოსები, სანდრო გეგეჭკორის თამადობით, მერე ჩემი შვილი, შვილიშვილები მესტუმრნენ. ხვალ ეთერი მაქვს და მივდივარ ტელევიზიაში. მოგვიანებით, ოჯახის წევრებთან ერთად ვისადილებ. პანდემია რომ მორჩება, იმედი მაქვს, რომ კარგად აღვნიშნავ, რადგან კანონმორჩილი ხალხი ვართ (იცინის). ოჯახშიც უკვე იმდენი ვართ, რომ ისედაც ბევრი გამოდის…

საუკეთესო დაბადების დღე რომელი იყო?

როდესაც 70 წლის გავხდი და ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი იყო, ვისთანაც მიმუშავია, ვისთანაც მიმეგობრია, ვისთანაც პროექტი მიკეთებია… ძალიან დიდი დაბადების დღე იყო, დიდი მხიარულება და რაც მთავარია, ბევრი მუსიკა. აი, ჩემი შვილი ამბობს, რომ კიდევ გადავიხდით ასეთ დაბადების დღეს.

დღეს ნიკოლოზ რაჭველმა მოგიძღვნათ დიდი სტატუსი, სადაც აღნიშნა თქვენი დამსახურებები საკუთარ იდა სხვა ბევრი მუსიკოსის კარიერაში…

ახლა წავიკითხე მისი ეს სტატუსი და მინდა გითხრათ, ცოტა ცრემლი მომერია. უნდა დავურეკო ახლა. ისედაც ისეთ დღეში მაქვს ნერვები, ყველაფერზე მეტირება შიგადაშიგ…

ძალიან მნიშვნელოვანია და გულამაჩუყებელია ნიკას სტატუსმა… ის ვინ არის ჩემთვის, ეს სხვა საკითხია, შვილია, მეგობარია, მაესტროა, ყველაფერი ერთად, მაგრამ სხვაა, როდესაც ამას გეუბნებიან, მით უმეტეს დღეს… აუცილებელია თქმა, როცა ადამიანი გიყვარს. დაუფასებლობა და უმადურობა ყველაზე ცუდი თვისებაა… მე ფული არ მიკეთებია ცხოვრებაში… წიწილებივით მყავდნენ და კი გახდნენ დიდები და გამოჩენილები უკვე… როდესაც მადლობას გეუბნებიან, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

დაბადების დღეზე ყველაზე კარგი საჩუქარი თქვენთვის რა არის? ვიცი, რომ ძალიან გიყვართ სათვალეები.

(იცინის) როგორ გითხრა? არც ვიცი. ადამიანის სიყვარულია ყველაზე დიდი საჩუქარი. მეტი არაფერი. ამაზე ძვირფასი არაფერია. ყვავილებზე ვგიჟდები და ეს ყველამ იცის. სხვა რა უნდა მომინდეს ახლა? არ ვარ ის კატეგორია, რომ ვთქვა, ვაიმე, დედა, მანქანა მინდა და ბრილიანტის ბეჭედი-მეთქი… აი, ჩემი შვილი მახსენებს, ლამაზი კაბები კი გიყვარსო (იღიმის). ზოგადად, თავად მიყვარს საჩუქრების კეთება სხვებისთვის და ასევე საკუთარი თავისთვისაც… ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ. არ მიყვარს გამოწერა, მომწონს ბოდიალი ამ დროს… თავად კი, ყველაფერი მიხარია, რასაც მჩუქნიან.

საკუთარ თავს გაუკეთეთ საჩუქარი წელსაც?

გავუკეთე, მაგრამ მოდი, საიდუმლოდ დავტოვოთ. გვიყურეთ შაბათს და მიხვდებით (იღიმის).

ქალბატონო მარინა, რაც უფრო ასაკი მოგემატათ, მით უფრო დიდ წარმატებას მიაღწიეთ. ეს რატომ მოხდა, თქვენი აზრით?

ასაკთან ერთად გამოცდილება გემატება, მაგრამ ახალგაზრდებისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ გინდა, რომ ასაკმა არ ჩაგითრიოს. ყოველ წამს უნდა იცოდე, რა ხდება ახალი. არ უნდა თქვა, ეს არ შეიძლება და ის არ შეიძლებაო. ყველაფერ პროგრესულ მივესალმებო, თუ ნიჭიერად არის გაკეთებული. უნიჭობაზე ჩემი რეაქცია იცით…

უნდა გიხაროდეს სიცოცხლე. უნდა გაბედნიერებდეს ყოველი დღე. რაც უფრო ასაკში შედიხარ, ყოველი დღე მნიშვნელოვანია და თუ ეს დღეები ზუზუნს, წუწუნს, ვაიმე, ეს მტკივა, ის მტკივა-ს გააყოლე, ძალიან ცუდია. ვინმეს თუ ჰგონია, რომ მე ძალიან ჯანმრთელი ვარ და არაფერი მტკივა, ძალიან ცდებიან, მაგრამ ყოველ დღეს უნდა გავუფრთხილდეთ…

და კიდევ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g